ბიძინა ივანიშვილი მთლიანად დააფინანსებს ნახევარი მილიარდი დოლარის ორ პროექტს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც ჯამში ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.

„დღეს არის ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის მორიგი სხდომა. მინდა, გამოვყო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ საქმეში, როგორც ინიციატორის, ასევე, გია დვალის როლი არის მნიშვნელოვანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმის წამოწყება საქართველოში იყო ბატონი ბიძინას ინიციატივა. პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი „ქართუ”. ასე რომ, მადლიერებით მინდა აღვნიშნო მისი წვლილი. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს ნახევარ მილიარდ დოლარს და მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან განზრახულობათა ოქმი ცოტა ხნის წინათ გააფორმა.

აღნიშნულ ოქმს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ზემოთ ხსენებული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობის პროექტი რევოლუციურია.

“ეს არის საქართველოსთვის მართლაც რევოლუციური პროექტი, რადგან ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში მეხუთე, სადაც აღნიშნული ცენტრი განთავსდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოში მეცნიერების განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ პროექტში ჩაერთვებიან ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები, მკვლევარები, რაც მათ განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის საქველმოქმედო ფონდ “ქართუსა” და პირადად ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

Comments
Loading...