ბიძინა ივანიშვილი ნაქირავებში ცხოვრობს

სოლოლაკის ბიზნესცენტრი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებას არ წარმოადგენს. საქართველოს ექსპრემიერი და უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი შენობას კომპანია ფინსერვის ოცდამეერთესგან თვეში $194 460-ად ქირაობს. ფინსერვის ოცდამეერთე კი ქართუ ჯგუფის შემადგენლობაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ბიზნესცენტრს საკუთარი თავისგან ქირაობს.

ივანიშვილის ბიზნესცენტრი ქართუ ჯგუფის კიდევ ერთმა კომპანიამ ელიტა ბურჯმა ააშენა. პროექტის ავტორი იაპონელი შინ ტაკამაცუა, მისი ღირებულება, FORBES-ის ინფორმაციით, დაახლოებით $50 მილიონი დოლარია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფინსერვის ოცდამეერთეს ორი მფლობელი ჰყავს, ესენი შპს ფინსერვისი (99.5%) და შპს ჰორიზონტი (0.5%) არიან. შპს ფინსერვისის დამფუძნებელია ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ვიზელა ენთერპრაიზისი.
ფინსერვისი და ელიტა ბურჯი 2012 წლის არჩევნების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ, შპს ელიტა ბურჯმა და ფინსერვისმა კოალიციას მაშინ 100 ათასი ლარი გადაურიცხეს.

Comments
Loading...