ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ??

უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ ყრილობაზე ქართული ოცნების PR-ის გააქტიურება უნდა მოითხოვოს. ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პარტიის გაძლიერება აქამდე ვერაფრით მოხერხდა და სუსტ მხარეებს შორის საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების დეფიციტს ასახელებს.

უმრავლესობის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ მან PR-ის აუცილებლობის საკითხი პარტიაში ჯერ კიდევ სამი წლის წინ დააყენა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. მმართველი კოალიციის პრობლემა დავით ლორთქიფანიძის თქმით, არა დაპირებების შესრულებაში, არამედ გაკეთებული საქმის ჩვენებაშია.

პარტიული სტრუქტურის პრობლემებზე მსჯელობა ქართულმა ოცნებამ უკვე დაიწყო. პარტია რეგიონებსა და დედაქალაქშიც გაზაფხულისთვის დაგეგმილი ყრილობისთვის ემზადება. შეკრებაზე პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო არჩევას მმართველ გუნდში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

პოსტის დატოვების შემდეგ უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. სატელიტი პარტია შექმნას და ისევ კოალიციაში შევიდეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.