ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალება ირაკლი ღარიბაშვილს

ირაკლი ღარიბაშვილის საიდუმლოებით მოცული გადადგომის შემდეგ აქტუალურია კითხვა თუ რა მისიით წავიდა ხელისუფლებიდან ყოფილი პრემიერი, რა დავალება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან და მიიღო თუ არა იგი საერთოდ. პოლიტოლოგების ნაწილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი სამუდამოდ ჩამოიშორა და “პენსიაზე გაუშვა”, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილს იგი ალტერნატიული პოლიტიკური მიზნებისათვის მომავალშიც გამოიყენებს.

მოგეხსენებათ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან ერთად პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. თანაც ისე, რომ ამის მიზეზებზე არ უსაუბრია. მას არც სამომავლო გეგმებზე უთქვამს რამე და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ახლა სახლში დასვენებას აპირებს.

ბიძინა ივანიშვილმა კი თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ორწლიანი საქმიანობა შედეგიანი იყო და იგი “წარმატების პიკზე წავიდა”. მიუხედავად ამისა, თანამდებობის დატოვების მიზეზებსა და მიზნებზე ბევრი მასაც არაფერი უთქვამს და მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლა: “(თანამდებობა) დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა. დღესაც მკითხაობენ ძალიან ბევრნი და ვერ გაუგიათ მიზეზი, რატომ წავიდა. სწორედ ეს იყო მიზეზიც და მიზანიც მისი წასვლის,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სამაგიეროდ, ირაკლი ღარიბაშვილის სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ. მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიას შექმნის, რომელიც “ოცნებას” არ დაუპირისპირდება. მეტიც, ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პარტია “ოცნების” “ტყუპისცალი” იქნება და კოალიციაშიც შევა: “ირაკლი ღარიბაშვილი თუ რამეს შექმნის, ის “ქართულ ოცნებასთან” იქნება კავშირში. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილი ჩვენ არ დაგვიპირისპირდება. ჯერ ყველაფერი ჭორის დონეზეა”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

ვერსიას აბსურდულს უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ამბობს, რომ შეუძლებელია, ღარიბაშვილს ასეთი მიზნები ჰქონდეს.
“პოლიტიკაში იმისათვის მოდიან, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და სახელისუფლებო პარტიის ლიდერები გახდნენ. ღარიბაშვილი სახელისუფლებო პარტიის ლიდერი უკვე იყო და რა ლოგიკას ექვემდებარება, რომ ამ თანამდებობიდან წავიდეს და ახალი პარტია შექმნას, რომელიც წინა პარტიის ანალოგი იქნება? ამ ყველაფერში არც ლოგიკა ჩანს და არც პერსპექტივა”, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი. მისივე აზრით, მას ივანიშვილისგან არც რამე ახალი დავალება მიუღია და არც ახალი ფუნქციისათვის “ინახავენ”. იგი ფიქრობს, რომ ის უბრალოდ “პენსიაზე გაუშვეს”:

„სამწუხაროა, რომ ამ ასაკში პენსიაზე გასვლა მოუწია. თუმცა, პოლიტიკა მისი სფერო ხომ არ არასდროს ყოფილა, პოლიტიკაში შეთხვევით მოხვდა და ალბათ თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდება. იგი კარგი საშუალო რანგის მენეჯერია, კარგი განათლება აქვს და რაღაცას გააკეთებს. გამორიცხულია, მომავალში სახელმწიფოებრივ პროცესში მას კიდევ რამე როლი ჰქონდეს. არ ვიცი, სხვა სფეროში მაინც თუ გამოიყენებს მას ივანიშვილი, მაგრამ რაც მოვისმინე, იქიდან გამომდინარე, ვასკვნი, რომ ამის დიდი სურვილი არ აქვს”, – დასძენს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ირაკლი ღარიბაშვილს ასე უბრალოდ სამუდამო პენსიაზე არ გაუშვებდნენ. შესაბამისად, იგი შესაძლებლად მიიჩნევს ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში “ქართული ოცნების” სატელიტი პარტიის შექმნა შედის. მისი აზრით, გამორიცხული არაა, ღარიბაშვილი სწორედ ამისათვის გამოიყენოს:
„ყველას მოეხსენება, რომ კოალიციაში კონკურენციაა.

თავად ივანიშვილი არ მალავს, რომ 2016 წლის საარჩევნო სია სახეშეცვლილი იქნება. არაა გამორიცხული, რომ “ეროვნული ფორუმისა” და “მრეწველების” წევრები სიაში აღარ შეიყვანონ და გამოთავისუფლებული ადგილები ახალმა პარტიებმა და ახალმა სახეებმა დაიკავონ. შეიძლება სწორედ ამისათვის გადადგა ღარიბაშვილი, რომ ახალი პარტია შექმნას და კოალიცია შეავსოს. ეს ვერსია საფუძველს მოკლებული არაა.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კვლევების მიხედვით, კოალიციის რეიტინგი დაცემულია. შეიძლება “ოცნებამ” გამოკითხვა თავისი ძალებითაც ჩაატარა და ამაში კიდევ უფრო დარწმუნდა. შესაბამისად, უმჯობესად მიიჩნიეს ღარიბაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ და ახალი მისია დაეკისრებინათ. ამით ხალხს ერთგვარად კოალიციის რებრენდინგის შთაბეჭდილება დარჩებოდა და ღარიბაშვილის კადრიც არ დაიკარგებოდა”, – დასძენს ნიკა ჩიტაძე.

წყარო

Comments
Loading...