ბიძინა ივანიშვილს უკვე დაწყებული აქვს შეხვედრები იმ “ახალ სახეებთან”, რომლებიც…

ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად იქნება ჩართული და მაქსიმალურად შეეცდება კოალიციას გამარჯვება მოუტანოს. იგი ასევე აქტიურ როლს ითამაშებს საარჩევნო სიების შედგენაშიც. მას უკვე დაწყებული აქვს შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, კოალიციის საარჩევნო სიებში იყვნენ წარმოდგენილნი. ამის შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილმა ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, 2015 წლის 30 დეკემბერს, გადაცემა 2030-ში განაცხადა და თქვა, რომ საარჩევნო სიებში წარმოსადგენ პირთა შერჩევის პროცესი გაგრძელდება. ამასთან, ივანიშვილი ხაზს უსვამს, რომ ძველი გუნდის თითოეული წევრი, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში უნდა დარჩეს გუნდის წევრად და მათთვის ღირსეული ადგილი უნდა მოიძებნოს.

შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა საარჩევნო სიების შედგენაში მონაწილეობას, ბიძინა ივანიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: “მივიღებ რა თქმა უნდა, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას და ძალიან აქტიურად ჩავერთვები, კიდევ ერთჯერ ვაცხადებ. მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს, რომ მან დაარწმუნოს საზოგადოება, რომ დღეს ისევ შეუცვლელია და ლიდერი უნდა იყოს, რამეთუ ის გზები, რომელიც გამოიკვეთა, ჩვენი მოსვლის შემდგომ, ის ფასეულობები, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ, სჭირდება მას გაღრმავება და გამაგრება და აქედან გამომდინარე, მე ინტერესი მაქვს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩემთან ერთად მაქსიმალურად მოვახერხოთ მობილიზება და მივიღოთ შესატყვისი გადაწყვეტილებები”, აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეკითხვაზე – ეყოლება თუ არა კოალიციას ახალი სახეები და რა ტიპის კადრებს ეძებენ, ივანიშვილმა უპასუხა: “შეხვედრებიც მქონდა რამდენიმე და ვაგრძელებ ამ პროცესს, ახალი კადრებით გადახალისების გუნდის. კიდევ ვიმეორებ და ვახსენებ ოპონენტებს, რომ ამით არავითარ კანონს არ ვარღვევ. მაქვს ამის უფლებები, ჩემი გემოვნების ხარჯზე და ჩემი შესაძლებლობის ფონზე საკუთარ გუნდს მივცე რეკომენდაციები და არა თავს მოვახვიო რაიმე. მე ამას გავაკეთებ და გავაგრძელებ. იმისათვის, რომ მოსახლეობას განვუმარტო, რატომ არის სასურველი ახალი სახეების გამოჩენა, მანამდე მე მინდა გავიხსენო ჩვენი ძველი გუნდი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, თითოეულ წევრს, პარლამენტარს თუ მთავრობის წევრს, თუმცა მთავრობაში არიან ახალი წევრები, ვისაც მე არ ვიცნობ საერთოდ, მაგრამ ძირითადი გუნდი პარლამენტშიც და მთავრობაშიც, თითოეულ მათგანთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, თითოეულს ვცემ უდიდეს პატივს და ის არჩევნები, რაც ჩვენ ჩავატარეთ 2012 წელს ის არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ჩვენ ეს ომი ღირსეულად მოვიგეთ, სუფთა ხელებით. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რობიკო სტურუას, დიდ რეჟისორს, რომელიც 3-ჯერ ამოვიდა ჩემთან პროცესში და მითხრა: ბიძინა, ესენი უსისხლოდ არ წავლენ და უსისხლოდ ვერ გაიყვან და გაოცებული რობიკო დღესაც მეკითხება, რა გააკეთე და როგორ მოახერხე და როგორ გააკეთეთ? დიახ, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ ღირსეულად, ისე, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არ დავაზიანეთ ფიზიკურად, მაგრამ მათი სახე ვაჩვენეთ მაქსიმალურად. თითოეული ჩემი თანაგუნდელი, ყოფილი, არის ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან ძვირფასი და თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო იმ გამარჯვებაში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და პარლამენტშიც არ იყო მათი ოცნება რომ დამსხდარიყვნენ, ბევრი მათგანისთვის პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება შეიძლება გააკეთონ. გუნდმა უნდა მოახერხოს გადახალისება, ოღონდ არა მათ საფასურად, რომ ისინი დარჩნენ გუნდს მიღმა. ყველა გუნდის წევრმა უნდა ნახოს თავისი ადგილი გუნდში, მხედველობაში მყავს არა მარტო პარლამენტი, არამედ მთავრობაც, სამოქალაქო ნაწილი, ბიზნეს ნაწილი და ა.შ. ისინი უნდა დარჩნენ გუნდის ღირსეულ წევრებად. ამავდროულად, პარლამენტი უნდა გადახალისდეს და აშკარად ემჩნევა ამის საჭიროება ჩვენს პარლამენტს, დღეს თუ გადავხედავთ. უნდა გადახალისდეს უფრო მეტად ისეთი ხალხით, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან სწორედ რომ კანონწარმოებაზე. გუნდი ითხოვს და აშკარად ითხოვს გადახალისებას ამ მიმართულებით,” განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

Leave A Reply

Your email address will not be published.