ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატის სკანდალური ინტერვიუ

postalioni.com გვთავაზობს ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატის, ნათია კორკოტაძის ეკსკლუზიურ ინტერვიუს

გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე „ფოსტალიონს“ პროკურორ ქირიასა მკვლელობისა და „საქართველოს ხმის“ გენერალური დირექტორის, ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის აქამდე უცნობ დეტალებზე ესაუბრა. მისი თქმით, ძიება სწორი გზით არ მიდის და ქირიაც და კუჭავაც ერთი ხელწერით არიან მოკლულნი.

ნათია კორკოტაძე:

_ შს მინისტრის მოადგილე ისე საუბრობს, გამოდის, რომ იმ ოთახში სადაც ქირია მოკლეს ან ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული, ანდაც არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დეტალურად მოყვა, რა და როგორ მოხდა. კუჭავამ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა, მერე აიღო ელექტრო ხელსაწყო, ფეხი დაიზიანა… როგორ შეიძლება, მეორე დღეს ასეთი ინფორმაცია გაავრცელო? რაც შეეხება პოპოვს, გუშინ რაც გადაგვხდა, ქვეყანამ გაიგო.

_ ვინ არის პოპოვი და როგორ მოხვდა ამ სიტუაციაში?

_ კუჭავა თითქოს პოპოვის ავტომანქანით გადაადგილდებოდა აეროპორტისკენ, როცა თავი მოიკლა. საჭესთან თითქოს დავით პოპოვი იჯდა, გვერდით ეჯდა მეუღლე და უკან კუჭავა. თავად ბიძინას ავტომანქანა აქამდე არ ვიცით სად არის. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიასთან თითქოს პატრულმა დაუძახათ, რომ მანქანა გადაეყენებინათ, მაგრამ სანამ მან ეს გააკეთა, ბიძინა კუჭავამ ამოიღო იარაღი და თავი მოიკლაო. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის და ვერ ვიტყვი, მიბჯნით არის თუ არა ნასროლი. მარჯვენა საფეთქელთან დაიხალა ტყვიაო, მაგრამ ტყვია გარეთ არ არის გამოსული და ის თავის ქალიდან ამოუღეს. პოპოვმა თქვა, კუჭავას ვიცნობო, ბოლოს განაცხადა, ორჯერ მყავს ნანახიო. გამოდის, რომ ორჯერ ნანახ ადამიანთან ერთად იპარებოდა კუჭავა მოსკოვში ისე, როცა მას არც ვიზა ჰქონდა და არც დაჯავშნული ბილეთი. სამაგიეროდ თურმე ჯიბეში ედო ქირიას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სისხლიანი ხელთათმანი. ეს ყველაფერი იმდენად უცნაურია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საინტერესოა ისიც, რომ ამ ყველაფერის შემდგომ, პოპოვი კუჭავას ოჯახს არ დაუკავშირდა.

როგორც გავიგე, წინათ მას 17 წელი ჰქონია მისჯილი, მერე 5 წელი რუსეთში ყოფილა. მოკლედ, საკმაოდ ბუნდოვანი წარსული აქვს. კუჭავას ოჯახის წევრებმა მისი და ბიძინას ახლობლობის შესახებ არაფერი იციან. ამბობენ, რომ გლდანში ახლობელი არ ჰყავდათ. კუჭავას გვამის დათვალიერების შემდგომ ვთქვი, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს იყო განზრახ მკვლელობა. ნახეთ რა უცნაური დამთხვევაა. 13 იანვარს, ზუგდიდში, პროკურორი ქირია გამოიყვანეს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით. როგორც ჩანს დაურეკა ვიღაც ახლობელმა და ისიც გავიდა. 16 იანვარს იგივე სახის კომუნიკაცია განხორციელდა ბიძინა კუჭავასთანაც. კუჭავას მეუღლე ამბობს, რომ ბიძინამ ჩაიცვა შარვალ-კოსტუმი, კლასიკური ფეხსაცმელი და ისე წავიდა. ვინ გაიყვანა ქირია, ან ვინ დაურეკა კუჭავას, არავინ არ იცის. როგორც გაიჟღერა ინფორმაციამ, კუჭავა ბრალდებულად არის ცნობილი. ერთის მხრივ ეს ცუდი არ არის, რადგან პროკურატურა გადმოგვეცემს დოკუმენტაციას და გავარკვევთ, დღემდე რა სახის საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული.

გუშინ დილით დამიკავშირდა კუჭავას ქალიშვილი და მითხრა, ერთ-ერთი ჩვენი ახლობელი იცნობს პოპოვს, რომელმაც გვითხრა, რომ დავითს სურვილი აქვს ადვოკატს შეხვდეს, მომცა ტელეფონის ნომერი და იქნებ დაურეკოთო. ცხადია გადავურეკე და ვუთხარი, ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს და თუ სურვილი გაქვთ, შევხვდეთ მეთქი. 5.30 სთ-ზე დავთქვით შეხვედრა, რადგან მითხრა, მერე დაკავებული ვარ, 7 საათზე ბავშვი უნდა მოვნათლოო. წარმოგიდგენიათ, როგორც ამბობენ, ამხელა რაღაც მოხდა მის ავტომანქანაში და ორი დღის შემდეგ, კაცი ბავშვის მოსანათლად წავიდა. ჩემთან ერთად იყვნენ ჟურნალისტები და მათაც გაიგეს ეს ყველაფერი, თუმცა ვთხოვე, რომ შეხვედრის დროს არ გამოჩენილიყვნენ. საინტერესოდ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ პოპოვი ოჯახს არ დაუკავშირდა, მაგრამ უნდოდა ადვოკატთან შეხვედრა. წინდაწინ ისიც ვიფიქრე, ჩემი „წამოკიდება“ ხომ არ უნდა მეთქი? ალბათ გამოუცდელი რომ ვყოფილიყავი, ჩანაფიქრი გამოუვიდოდა კიდევაც.

_ როგორ უნდა „წამოეკიდებინეთ“ პოპოვს? ან რატომ უნდა სდომებოდა ამის გაკეთება?

_ მოკლედ, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შევხვდით მე და მეორე ადვოკატი. სახე საშინლად ჰქონდა გაფითრებული. სიარულის დროს კი შევნიშნე ყურსასმენების შნური. ვიფიქრე, რომ ტელეფონის იყო და ხმა არ ამოვიღე. პოპოვმა გვკითხა, რა გნებავთ ჩემგანო? შევახსენე, რომ თავად დაგვიბარა და მისი ინიციატივით ვიყავით მოსულები, მაგრამ პოპოვი გვეუბნებოდა, გინდა თუ არა თქვენ დამიბარეთო. ამის შემდეგ ვუთხარი, რომ გაშიფრული იყო და არ გამოუვიდიდა ეს თამაში.

_ შნური იქნებ მართლა ტელეფონის იყო, ჩამწერი რომ ჰქონდა, ამას როგორ ამტკიცებთ?

_ პოპოვს ეცვა პერანგი, რომელსაც ჰქონდა ღილები. ყველა ღილს ჰქონდა ოთხი ნახვრეტი, მაგრამ შუაში დამაგრებულ ღილს, ნახვრეტი საერთოდ არ ჰქონია და არ ჩანდა როგორ იყო პერანგზე მიკერებული. ეს ვუთხარი თუ არა, პალტო მაშინვე შეიკრა. ამის შემდეგ მოვთხოვე, მოეხსნა ვიდეო თვალი.

გამოუცდელი ადვოკატი არ ვარ და ზუსტად ვიცი, პოპოვს შეხვედრა ჩვენს დასაშანტაჟებლად უნდოდა, ამიტომ „გვაწვებოდა“, გინდა თუ არა თქვენ დამიბარეთო. მერე ამ ჩანაწერს მიიტანდა პროკურატურაში, სადაც იტყოდნენ, რომ მოწმეზე ვახდენდით ზეწოლას. პროკურატურა აღძრავდა სისხლის სამართლის საქმეს და ადვოკატებს დაგვიბარებდნენ იმ საქმეზე დასაკითხად, რომელსაც ვაწარმოებთ. ისე კი, კანონით არავის აქვს უფლება იმ საქმეზე ადვოკატი დაკითხოს, რომელიც მას წარმოებაში აქვს. მოგეხსენებათ, ამ დღეებში მე მკვეთრ განცხადებებს ვაკეთებდი და ვამბობდი, რომ კუჭავას მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია. ამ შანტაჟით კი მათ უნდოდათ ჩვენი საქმიდან ჩამოცილება, მაგრამ არ გამოუვიდათ.

პოპოვს მეორე ადვოკატმა უთხრა, თქვენ თუ გვიღებთ, მაშინ მეც გადავიღებო. გია გოროზიამაც დაიწყო გადაღება, მაგრამ ჩვენი საუბარი უკვე გადაიზარდა კამათში და ღიად ვუთხარი, შენ გამოგიყენა პროკურატურამ, რადგან ყველაფერის საქმის კურსში ხარ და „ოქროს მოწმეს“ წარმოადგენ მეთქი. ამას ვეუბნებოდი ტელევიზიები კამერებით რომ მოცვივდნენ, პოპოვი გაიქცა გზის მეორე მხარეს, ჟურნალისტები გამოუდგნენ, ის ტაქსში ჩახტა და იქიდან დაუძახათ _ თავი დამანებეთ, კუჭავამ თავი მოიკლა და ის მხოლოდ ორჯერ მყავდა ნანახიო. სხვათა შორის, პოპოვი ჩვენთან შესახვედრად გამომძიებლებმა მოიყვანეს მანქანით და ისინი შორიახლოს ელოდებოდნენ.

_ მართალია გამოძიება დეტალებზე საუბრობს და ამბობს, პროკურორი ქირია სასტიკად აწამესო, მაგრამ იმასაც აცხადებს, მკვლელობის მოტივი უცნობიაო. დეტალები თუ დაადგინეს, მოტივი რატომ ვერ დაუდგენიათ?

_ დიახ, მოტივი და მკვლელობის საფუძველი ჯერაც უცნობია, არადა პირველ რიგში მოტივი და საფუძველი უნდა იცოდე, მკვლელობა რომ გახსნა. 16 იანვარს, საღამოს 10 საათზე გავიდა სახლიდან ბიძინა კუჭავა. მისი მეუღლე ამბობს: ბიძინამ მითხრა, მე წავალ და 2 საათში დავბრუნდებიო. ჩემს ძმიშვილს ვაცმევდი როცა შვილის ხმა გავიგონე, ბიძინას ეუბნებოდა, ვაა მამიკო, რა ლამაზად გამოწყობილხარო. მეც გავედი, მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. 11,30 სთ-ზე მოსკოვიდან დარეკა ბიძინას ბიძაშვილმა გოჩა კუჭავამ. მას ჩემს ქმართან ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა. მითხრა, ბიძინას ვაიბერზე ვერ ვუკავშირდებიო და ამის გამო დავურეკე ქმარს. მან მითხრა, გოჩასთვის ის ნომერი მეთქვა, რომელიც თან ჰქონდა და იქ დაერეკა. ასეც მოვიქეცი, თუმცა გოჩამ და ბიძინამ ისაუბრეს თუ არა, აღარ ვიციო. კუჭავას სახლში პოლიცია მივიდა და ყველაფერი წაიღო. ცოლი აცხადებს, ბიძინას წინდაც კი არ დატოვეს სახლში. როგორც მითხრეს პერანგებზე ლაქას ეძებდნენ, ამიტომ ვთხოვე, შეედგინათ ოქმი სადაც დაწერდნენ, რომ არცერთ პერანგზე ლაქა არ იყო, მაგრამ უარი მითხრეს და ხელი ამიტომ არ მოვუწერეო. 17 იანვარს ბიძინას მეუღლე ისე წაიყვანეს ქალაქის სამმართველოში დასაკითხად, ქმრის გარდაცვალების ამბავი არ შეატყობინეს. 18 საათის განმავლობაში კითხავდნენ. თურმე ეხვეწებოდათ, ყველაფერს მოგიყვებით და მაპოვნინეთ დაკარგული ქმარიო. იმ ღამით მოსკოვიდან განხორციელებული ზარების ამბავიც მან უთხრა. ცოლს რომ სცოდნოდა რა სიტუაციაც იყო, ადვოკატის გარეშე ჩვენებას არ მისცემდა და დამერწმუნეთ, ესენი ასეთ განცხადებებს ვეღარ გააკეთებდნენ. მას მოუთხოვია ადვოკატი დაკითხვის დროს, მაგრამ არ საჭიროებ ადვოკატსო, განუცხადებიათ.

_ ბოლო პერიოდში ბიძინა კუჭავა რას საქმინობდა?

_ ის იყო „საქართველოს ხმის“ გენერალური დირექტორი, თუმცა სხვა ბიზნესებიც ჰქონდა. თვის ბოლოს აფრიკაში მიდოდა და ამის გამო ძალიან გახარებული ყოფილა, რადგან იქ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჰქონია შეხვედრები. გამოძიება აპელირებას აკეთებს იმაზეც, რომ მას ჰქონდა ვალი, მაგრამ ვალი ახლა ვის არ აქვს?

13 იანვარს, საღამოს გამოჰყავთ ქირია სახლიდან. ზუგდიდიდან თბილისამდე ავტომანქანით ჩამოსვლას ხომ უნდა 5-6 საათი. ბიძინას მეუღლე ამბობს, რომ 14 იანვარს ქმარ-შვილთან ერთად შეხვდა და შამპანურიც გახსნეს. ასევე, ცოლის თქმით, 14-15-16 იანვარს კუჭავა გადიოდა ცოტა ხნით და ისევ ბრუნდებოდა სახლში. ის თითი რომელზეც თქვეს, რომ თითქოს მკვლელობის დროს დაიზანა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმაც დაათვალიერა. შეუძლებელი იყო მას ამ თითით ისე ევლო, რომ არ ეკოჭლა. მით უფრო კლასიკური, მოჭერილი ფეხსაცმლით ხომ საერთოდ ვერ გაივლიდა. ძიება აცხადებს, რომ ამ თითზე მას პოლიეთილენის პარკი ჰქონდა შემოხვეული. სოფელში აღარ იხვევენ ნატკენ თითს ცელოფნით და თურმე ბიძინამ შეიხვია. ბოლოს და ბოლოს „სანტავიკი“ ხომ არსებობს? ცოლი ამბობს, სახლში ისე ცხელა, რომ მის ქმარს მუხლს ქვემოთ საბანი არასდროს ეხურა და გამორიცხულია, ფეხზე ასეთი რამ ვერ შემემჩნიაო. კუჭავას ტელეფონი ვითომ დაგდებული ოპოვეს რუსთავში. იქ დაგდებას მტკვარში გადააგდებდა და ვერავინ ნახავდა. პირადობას და სისხლიან ხელთათმანსაც ასევე გადაყრიდა, რისთვის უნდოდა ვითომ საქართველოდან გასაქცევად აეროპორტში წასულ კაცს ეს ყველაფერი თან რომ მიჰქონდა? ისიც სისულელეა, თითქოს ბინა სადაც ქირია მოკლეს, მას ჰქონდა დაქირავებული.

kuchava

_ პროკურატურას აქვს თავისი ვერსია. გასაგებია ისიც, რომ ადვოკატი ამ ყველაფერს უარყოფს, მაგრამ თქვენეული ვერსიაც გვითხარით. თუ ასეა და კუჭავა არაფერ შუაშია, ვინ მოკლა ქირია, რატომ დაუკავშირეს მის მკვლელობას მაინცდამაინც კუჭავა და რას უკავშირებთ უკვე მის სიკვდილს?

_ როცა ქორია დაიკარგა, ამბობდნენ, კასრების საქმეს იძიებდა და კვალი მიდის ახალაიამდეო. მეც ასე მეგონა, რადგან პროკურორი იყო და ისეთ საქმეებს იძიებდა, შეიძლება ვინმე იყო დაინტერესებული, მაგრამ კუჭავას ამ საქმეში წამოტივტივებამ გაურკვეველი გახადა ყველაფერი.

2009 წელში გარდაიცვალნენ ცოლ-ქმარი ნინუები. ამ საქმეზე დღემდე არსებობს მსჯავრდებული პირი, რომელიც კვლავაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. გამოდის, რომ ნაციონალების დროს უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, სამი წელია ეს ხელისუფლება მოსულია და ის ისევ ციხის კედლებში ჰყავთ გამომწყვდეული. ახლა ხომ ამბობენ, რომ ნინუები კუჭავამ დახოცაო და ის ადამიანი ხომ უდანაშაულო გამოდის?

_ საკუთარი დის გაქრობასაც უკვე მას უკავშირებენ. იმასაც ამბობენ, დის სახლიც მან გაყიდაო და ამაზე რას იტყვით?

_ კუჭავას და იყო დაოჯახებული, მაგრამ როგორც მითხრეს, მას აერია თავისი ცხოვრება, რის შემდეგაც ის გაქრა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოიძიეს ნათესავებსა და მეგობრებში, მაგრამ არსად არ აღმოჩნდა. ბიძინამ პოლიციაში თავად მოითხოვა, მასზე ძებნა გამოეცხადებინათ და დის სახლი მას ნამდვილად არ გაუყიდიაო.

_ გერის სიკვდილსაც რომ მის სახელს უკავშირებენ. ერთ-ერთი პიროვნება სოციალურ ქსელში იმასაც წერს, ასეთი ეჭვი აქამდეც არსებობდაო…

_ ბიძინას პირველ მეუღლეს ჰყავდა თავისი შვილი. მათ შემდგომ საერთო შვილიც გაუჩნდათ _ მეგი, რომელიც ახლა დილიდან საღამომდე მამის ცხედართან ზის. მან მითხრა, მამაჩემს ისე ძალიან უყვარდა ჩემი ნახევარძმა, რომ ზოგჯერ ეგოისტურად ვეჭვიანობდი კიდევაცო. მე ხომ ვიცი მათი ურთიერთობა და გამორიცხულია, მისთვის მამას რაიმე დაეშავებინაო.

_ გამოძიების განმარტებით გამოდის, რომ კუჭავა სერიული მკვლელი იყო, მაგრამ თქვენ ბრალდებებს უარყოფთ. თუ ასეა, ყველა მკვლელობას მას რატომ უკავშირებენ?

_ ძიებას კუჭავა გამოჰყავს მანიაკი და ცოლიც ამის გამო ნერვიულობს. ამბობს, ქმარს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უნდა ვიბრძოლო მისი რეაბილიტაცია რომ მოხდესო. მათ ჰყავთ 12 წლის საერთო შვილი. ეს ბავშვი გუშინ მოიყვანეს და დედამ უთხრა, მამაშენს იარაღი გაუვარდა, მოხვდა თავში და დაიღუპაო, მაგრამ ცოლი ამბობს, ალბათ დროთა განმავლობაში ბავშვი მამაზე ამ ყველაფერს მოისმენს და გამოვა, რომ ის არის ვამპირის შვილი, რის შემდგომაც შეიძლება თვითმკვლელობითაც დაასრულოს სიცოცხლე და წინდახედულობა ხომ უნდა გააჩნდეს ძიებას? გამოძიება ბინძურ ჭორებს თხზავს და ავრცელებს, როცა ჯერ არაფერია ცნობილი. თუ ცნობილია კიდევ, გამოდის, რომ ქირიას მკვლელობის დროს, როგორც უკვე გითხარით, ან სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული ოთახში, ანდაც ვინმე უთვალთვალებდა, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ძალოვნებმა წინასწარ იცოდნენ რაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ აღკვეთეს. სხვანაირად, ასე დეტალურად როგორ უნდა მოჰყვე გარდაცვლილის სხეული სად ჩამოკიდეს, სისხლისგან როგორი იწრიტებოდა და ა.შ.? ექსპერტიზამ შეიძლება მხოლოდ ის დაადგინოს, თითზე ჭრილობა რამდენი დღის წინანდელია და არა ის, იმ ოთახში რა და როგორ ხდებოდა. საინტერესოა, ეს ყველაფერი საიდან იციან?

გუშინ კუჭავას მეუღლემ ტელევიზიით მიმართა ქირიების ოჯახს _ იქნებ საქმეში თქვენც ჩართოთ დამოუკიდებელი ექსპერტი და გვამს დათვარიელება ჩაუტაროთო. როგორც ცნობილია, მათ ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.

_ ქირიები ამ ყველაფერზე რას ამბობენ?

ქიარია-0ბახტანგი

_ არაფერი ვიცით. ბიძინას მამიდა და ახლობლები რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ უკვე ჩამოვიდნენ, მაგრამ ისინი ქირიების ოჯახში ვერ მივიდნენ, ისეთი ჭორები აგორდა. ერიდებიან კონფლიქტი არ მოუხდეთ.

_ როგორ ფიქრობთ, გაირკვევა რეალურად რა მოხდა, ვინ მოკლა პროკურორი ქირია და არის თუ არა კუჭავა მკვლელი? საქმეები რომელსაც ახლა მას მიაწერენ, ნამდვილად მისი გაკეთებულია თუ არა?

_ წესით პროკურატურას უკვე უნდა ჰქონდეს ამოღებული კულტურის სამინისტროს შენობიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ასევე დადგენილი უნდა ჰქონდეს, პოპოვები რომელი მიმართულებით, საიდან საით მოძრაობდნენ სინამდვილეში იმ ღამით, სად შეხვდნენ კუჭავას. გაშიფრული უნდა იყოს ყველას სატელეფონო ზარი და ა.შ. ამ საქმის გახსნა არ არის რთული. საერთოდაც, არ არსებობს გაუხსნელი საქმე, თუკი გამოძიება იქნება კომპეტენტური, მაგრამ ასეთი შეცდომებით თუ გაგრძელდა ძიება, ჩნდება ვარაუდი, რომ კუჭავას თავი არ მოუკლავს და ის განზრახ არის მოკლული. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი პოპოვის მოწყობილი იყოს. კაცზე, რომლის მანქანაშიც ადამიანი თავს იკლავს და ამის მერე ის გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტს არ ამყარებს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მშვიდად მიდის ნათლობაზე და ადვოკატებს უპირებს დაშანტაჟებას, სხვა რა ვიფიქრო? ამ ეტაპზე მეტი არაფერის თქმა არ შემიძლია. მალე ალბათ ყველაფერი უკეთ გამოჩნდება.

postalioni.com

Comments
Loading...