ბინა, სადაც პროკურორი გარდაცვლილი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ სხვისი სახელით იქირავა

ბინა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი იპოვეს, ამირან ხუციშვილს ეკუთვნის.

ხუციშვილი „კურიერთან“ ადასტურებს, რომ ბინა 10 იანვარს მისგან ქირიას მკვლელობაში ბრალდებულმა ბიძინა კუჭავამ იქირავა, თუმცა გაქირავების დროს, სხვა პიროვნების – მან მალხაზ ცისკაძის პირადობის მოწმობა წარუდგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ ცისკაძემ პირადობის მოწმობა რამდენიმე წლის წინ დაკარგა.

ამირან ხუციშვილი კიდევ ერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქირიამ მას ბინის საკეტების შეცვლა სთხოვა.

ამირან ხუციშვილის განცხადებები ბიძინა კუჭავას ოჯახისთვის არადამაჯერებელია. გარდაცვლილის მეუღლეს, მარინა ნიკოლოზაშვილს ბინის მეპატრონესთან კითხვები აქვს.

მოკლული პროკურორის ავტომანქანას ექსპერტიზა უტარდება. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი სამართალდამცველებმა ნუცუბიძეზე, გვიან ღამით იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის ნათესავი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, 24-ე კორპუსში პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი 17 იანვრის აღმოაჩინეს. ვახტანგ ქირიას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გამოძიებამ მისი მობილური ტელეფონი რუსთავში იპოვა. ასევე, დაკარგული იყო ქირიას ავტომობილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.