ბიო – თანამედროვე საფრთხე

ბიო ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში საკმაოდ დიდია. ასევე დიდია მცირეწლოვანებში მისი მოხმარების ფაქტები.

ბიო ნარკოტიკი, რომელიც ზოგ ქვეყანაში ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაშიც არ არის – ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს გადახდების ელექტრონული ბარათი, ან მეგობრობს “ბარათიანთან“. საახალწლოდ ბევრი ვებ-გვერდი, საიდანაც ბიო ნარკოტიკის გამოწერა შეიძლება, უფასო მოწოდებასაც სთავაზობს კლიენტებს, შეკვეთა თუ რაღაც კონკრეტულ თანხას გადააჭარბებს.

ბევრი ადამიანი სარგებლობს ზოგადად ინტერნეტ-გამოწერებით. მაგალითად, www.amazon.com. შედიხართ ვებ-გვერდზე, ირჩევთ სასურველ პროდუქტს, აგდებთ კალათაში, იხდით ფულს და შეკვეთა მზადაა, ფოსტის მეშვეობით მიდის ადრესატთან. ინტერნეტში მსგავსი, გამოწერების ვებ-გვერდების, ფართო არჩევანია. ბავშვის ფეხსაცმლიდან დაწყებული – ავტომანქანის ნაწილებით დამთავრებული, ინტერნეტით შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყველაფერი. შეგიძლიათ მოძებნოთ და გამოიწეროთ ტექნიკა, რომელსაც საქართველოში თქვენი ბიუჯეტით ვერ სწვდებით, ბევრად უფრო იაფად. ინტერნეტით ასევე, შესაძლოა შეიძინოთ იმ კომპანიების პროდუქტები, რომლებსაც ქართულ ბაზარზე ჯერ არ მოუკიდებიათ ფეხი. არსებობს ვებ-გვერდები, რომლებიც ყველა ქვეყანას არ ემსახურება და კონკრეტულ სექტორზე გადის. არსებობს გამოწერების ვებ-გვერდები, რომლებსაც საერთოდ არ უნდა ენდოთ, რადგან პროდუქტი, უბრალოდ, არ ჩამოვა, ხოლო თქვენს მიერ გადახდილ ფულს ან დაიბრუნებთ, ან – არა. არსებობს აკრძალული პროდუქციით მოვაჭრე ვებ-გვერდები, რომლის მისამართიც არსადაა მითითებული, ძალოვანებისთვის ხელმისაწვდომნი არ არიან, თუმცა კლიენტებს ამარაგებენ აკრძალული პროდუქტებით. სწორედ ასეთივე ვებ-გვერდები არსებობს, საიდანაც შეგიძლიათ გამოიწეროთ ბიო ნარკოტიკი. მით უმეტეს, რომ ბიო ნარკოტიკის შემადგენელი ნაწილების უმრავლესობა სულაც არ არის აკრძალულ ნივთიერებათა სიაში. მისი ფორმულა მუდმივად იცვლება და სინჯები რომც გაკეთდეს რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე, მხოლოდ ძირითადი ელემენტების ჩამონათვალს მოგვცემს, რომელიც ხვალ უკვე შესაძლოა, სხვა ელემენტებით ჩანაცვლდეს.

სინთეტიკური კანაფი (მარიხუანა) 2002 წლიდან იღებს სათავეს. ის არც ერთ ნარკო-ტესტზე არ აჩვენებს დადებით პასუხს. შეფუთვაზე კი აწერია: “ორგანული ბალახეული“, რაც ერთი წამითაც არ იწვევს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს რაიმე საფრთხესთან და უკანონობასთან. სინთეტიკური მარიხუანას შექმნის მოტივიც სავსებით კანონიერი იყო და სამეცნიერო კვლევებს ემსახურებოდა. ეს არის ქიმიურად შექმნილი მარიხუანას ანალოგი, რომლის მეშვეობითაც იკვლევდნენ ნატურალური მარიხუანას ზეგავლენას ადამიანის ტვინზე. ამ კვლევების შედეგები, სამწუხაროდ, უცნობია, რადგან ქიმიურმა შენაერთმა მალევე შეიძინა კომერციული დატვირთვა. ვებ-გვერდებზე, საიდანაც ამ პროდუქციის გამოწერაა შესაძლებელი, გამყიდველებს, ხშირ შემთხვევაში, უწერიათ: “ჩვენ არ ვაგებთ პასუხს პროდუქტის გვერდით მოვლენებზე, რაც შეიძლება გამოხატული იყოს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ასპექტში.“ ინტერნეტში გაყიდვადი, სინთეტიკური მარიხუანას, ყველაზე გავრცელებული სახელებია: Blaze, Blueberry Haze, Dank, Demon Passion Smoke, Genie, Hawaiian Hybrid, K2, Magma, Ninja, Nitro, Ono Budz, Panama Red Ball, Puff, Sativah Herbal Smoke, Skunk, Spice, Ultra Chronic და Voodoo Spice. შეფუთვა ძირითადად ხდება სხვადასხვა ფერის პლასტიკურ პარკებში. ბიო ნარკოტიკი მხოლოდ ბალახეული სახით არ იყიდება, ის შეიძლება ასევე იყოს სითხის ან ფხვნილის სახით. ასევე განსხვავდება მიღების მეთოდები. ის შეიძლება მოწიო, დალიო და შეიყნოსო. უმრავლესობას ინსტრუქციაში უწერია, რომ აუცილებლად უნდა გაზავდეს, თუმცა ძირითად შემთხვევაში, ინსტრუქციას არავინ კითხულობს, ხოლო არასწორი გამოყენებით მომხმარებელი სასიკვდილო საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს.

ბიო ნარკოტიკის ბაზარზე გაჩენისას მის შემადგენლობაში შედიოდა ისეთი ინგრედიენტი, რომელსაც ასევე შეიცავს ნატურალური მარიხუანა, ამიტომ აშშ-ში მისი შედინება ვერ ხდებოდა და მისი რეალიზაცია ძირითადად ევროპულ ბაზარზე ხდებოდა. თუმცა, ახლა უამრავი ქიმიური შენაერთი არსებობს, რომელიც აშშ-ს აკრძალულ ნივთიერებათა სიაშიც არ შედის და “ბიომ“ ამერიკაც მოიცვა.

ბიო ნარკოტიკის გვერდითი მოვლენები ზუსტად არ არის შესწავლილი, თუმცა ძირითადი გამოხატულება ადამიანის ორგანიზმზე, რაც თავად მომხმარებლებმა და ექიმებმა გამოავლინეს, შემდეგია: აჩქარებული პულსი, მაღალი წნევა, აჩქარებული სუნთქვა, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა, ტახიკარდია, პარანოია (ძირითადად, აზრები სიკვდილზე), ჰალუცინაციები, ხმაურის გამძაფრებული აღქმა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და ფსიქოზი, რომელიც რამდენიმე დღეც კი შეიძლება გაგრძელდეს. ეს ჩამონათვალი საკმაოდ მწირია და მხოლოდ მოკლევადიან გვერდით მოვლენებს ასახავს. თუმცა, აღიარებულია, რომ “ბიოს“ ხშირ მოხმარებას ხანგრძლივი გვერდითი მოვლენები აქვს, რაც ძირითადად ადამიანის ფსიქიურ მდგომარეობაზე აისახება. გვერდითი მოვლენები კიდევ არაფერია, რიგ შემთხვევებში, სინთეტიკურ მარიხუანას ლეტალური შედეგი აქვს. ამერიკაში ამ ნარკოტიკის მოხმარების გამო უამრავი ახალგაზრდა გარდაიცვალა. იყო შემთხვევა, როდესაც სასწრაფოს ექიმი საკუთარი სახლის მისამართზე გამოიძახეს, რადგან მის 14 წლის შვილს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, სწორედ “ბიოს“ მოწევის შემდეგ. საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც “ბიოს“ მომხმარებელთა ასაკი სკოლის ბავშვებიდან იწყება და სადაც არაერთი ახალგაზრდა შეეწირა ამ ნარკოტიკს. საქართველო ზოგადად ის ქვეყანაა, სადაც უმკაცრესი ნარკო-პოლიტიკის გამო ძირითადად კუსტარულ და ბიო ნარკოტიკებს იყენებენ.

90-იან წლებში საქართველოში დაახლოებით ბიო ნარკოტიკის მსგავსი “ქიმია“ ძალიან პოპულარული იყო. შეიძლება ბევრმა მომხმარებელმა სულელად ჩამთვალოს, ამ ორს რომ ვადარებ ერთმანეთს, თუმცა შედარების პრონციპი შემადგენლობას და მოქმედებას ნამდვილად არ ეხება. 90-იანები იყო ნარკო-ბუმი საქართველოში. ნარკომანია იყო მოდა, ქუჩა სავსე იყო ნახმარი “შპრიცებით“. მაშინ ჰეროინის და ოპიუმის თაობა იყო, მაშინ მოიკიდა ფეხი “სუბოტექსმაც“. თუმცა, ნარკოტიკის ფასი არასდროს ყოფილა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყოველთვის არსებობდნენ კუსტარული ნარკოტიკების მომხმარებლები, რომლებიც სახლის პირობებში ამზადებდნენ “ნაგავს“. იმ პერიოდში “კლასიკური ნარკოტიკის“ (როგორც თავად მომხმარებლები უწოდებენ: ოპიუმს, ჰეროინს, სუბოტექსს და ა.შ.) მომხმარებლები, კუსტარულის მომხმარებლებს “მენაგვეს“, ან რაიმე მსგავსს ეძახდნენ და აქილიკებდნენ. მათი პრინციპი იყო “თუ გიყვარს კაიფი, საშუალებაც უნდა გქონდეს, თუ არადა – იცხოვრე პატიოსნად.“ პრინციპში, რომ შეადარო ნარკოტიკის გავლენა ორგანიზმზე, “კლასიკური ნარკოტიკების“ მომხმარებლები ბევრად უკეთეს ფორმაში არიან. ანალოგიური პრინციპი ვრცელდებოდა მარიხუანაზე. არსებობდა ძლიერმოქმედი მარიხუანა და ბალახი, რომელიც გარეგნულად მარიხუანას ანალოგია, თუმცა ეფექტი არ ჰქონდა. ამ ბალახს იყენებდნენ ნახარშის გასაკეთებლად, რომელსაც უკვე ნარკოტიკული ზემოქმედება გააჩნდა და “მანაგუას“ ეძახდნენ. ამ, ერთი შეხედვით უვნებელ ბალახს უამრავი გამოყენება ჰქონდა. თუ მას გაახმობდი და ზედ დაასხამდი საღებავის გამხსნელ სითხეს, მას წარმოუდგენლად ძლიერი ზემოქმედების უნარი აქვს. 90-იანებში ესეც “გოიმების“ გასართობი იყო. როგორც თავად აღნიშნავენ, “თავმოყვარე“ ნარკო-მომხმარებლები ამას არ კადრულობდნენ. დაახლოებით იგივე კლასს მიეკუთვნება დღეს გავრცელებული “ბიოც“ – იაფფასიანი, ხელმისაწვდომი “ნაგავი“.

პრობლემა ისაა, რომ უმრავლესობის განმარტებით, სხვა არაფერი იშოვება და ახალგაზრდობა იძულებულია მიეტანოს “ბიოს“. თუმცა, ქვეყანაში ნარკოტიკის გაქრობა სულაც არ იყო მიზანმიმართული იმისკენ, რომ ახალი ტიპის ნარკოტიკები გავრცელებულიყო.

ერთის მხრივ, საერთოდ რატომ უნდა იყო ნარკომომხმარებელი?! ეს არალეგალურია და კანონით ისჯება. აზიანებს ორგანიზმს და ნეგატიური გავლენა აქვს ტვინზე, რაც შემდგომში ფსიქიკურ აშლილობაში გამოიხატება.

მეორეს მხრივ, ვერ უარვყოფთ, რომ მომხმარებლები არსებობენ და მათი გამოსწორება ვერ ხერხდება. არსებობს სამკურნალო პროგრამები, რომლებიც ან ხელმისაწვდომი არაა, ან მოხვედრაა ძნელი, ან პრეპარატი “მეტადონი“ სულაც არ შეესაბამება პაციენტის მიერ მოხმარებული ნარკოტიკის კლასის სამკურნალო ჯგუფს. ზოგს უბრალოდ არ უნდა განკურნება და მოსწონს ნარკოტიკული თრობის პროცესი. ზოგი თვლის, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელია და სულაც არ უნდა მოხარშონ “მორფინისტთან“ ერთ ქვაბში. ბევრს ხიბლავს ტენდენცია, რომ ზოგ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებული, ან სულაც ლეგალიზებულია. ნამდვილად კარგი სტრატეგიაა და ქვეყნებში, სადაც დიდი ხანია, მარიხუანა აკრძალული არაა, ადგილობრივ მომხმარებელთა რიცხვი ძალიან მცირეა. თუმცა, ყველა რეფორმა შეიცავს ერთგვარ რისკს, რიგ შემთხვევაში მსხვერპლს.

რა იქნება საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემდეგ?! გამართლებულია თუ არა, ქვეყანამ დაუშვას მცირე დოზით კონტრაბანდა, რათა “გადააჩინოს“ ერი დაღუპვას?! შედის თუ არა სახელმწიფოს ინტერესებში ნარკოტიკების მომხმარებლები და რა დატვირთვით?! უღირს თუ არა სახელმწიფოს გარკვეული რისკების გაწევა სიტუაციის გამოსწორების მიზნით?! რამდენად დემოკრატიულია ნარკომომხმარებლების რაოდენობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი პრობლებების გვერდზე გადადება და სხვა პრობლემაზე პრიორიტეტის დასმა?!

რამდენიმე დღის წინ ცნობილი კარდიოლოგის, გულიკო ჩაფიძის შვილიშვილი გარდაიცვალა სინთეტიკური ნარკოტიკის მოხმარებისგან. მედიაში ეს ინფორმაცია მალე გავრცელდა, ატყდა დიდი სკანდალი. რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, გარდაცვალების მიზეზი იგივე – ბიო ნარკოტიკი იყო. თუმცა, ცნობილი ადამიანის სახელის და გვარის დომინირებამდეც, ბევრჯერ გაჟღერებულა მედიაში სინთეტიკური ნარკოტიკის არსებობის შესახებ, რომელსაც მსოფლიოში იცნობენ და ბევრი ლეტალური შემთხვევა უკავშირდება. სიუჟეტებში ასევე გაჟღერდა, სად ყიდულობენ ახალგაზრდები ამ ნარკოტიკს და რომ მომხმარებლები საქართველოდან ინტერნეტით უკვეთავენ “ბიოს“.

14 თებერვლის ინციდენტის შემდეგ იყო ისეთი ალოგიკური განცხადებები, ვითომ ერთ-ერთ ქართულ კლუბში, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს, თავისუფლად იყიდება ნარკოტიკები. სასაცილოა, მაგრამ ბევრს მართლაც სჯერა, რომ საქართველოში, სადაც შეიძლება ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ ანტი-ნარკოტიკული პოლიტიკა უდაოდ კარგად მუშაობს, თბილისის ცენტრში ვიღაც ნარკოტიკებით ვაჭრობს.

საინტერესო ფაქტი “ბიოსთან“ დაკავშირებით არის ის, რომ ვებ-გვერდები, რომლებიც ამ ნარკოტიკით ვაჭრობენ, იყენებენ სავსებით ლეგალურ “დასამალ“ პროგრამებს, რომლების პირველადი დანიშნულებაც უბრალოდ “სპამერებისგან“ და “ჰაკერებისგან“ დაცვაა. მათი ადგილსამყოფელის მიგნება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა სავსებით შესაძლებელია თქვენი ბინიდან გამოწერისას, გამყიდველი გვერდით ბინაში იყოს მოკალათებული და პანამის უნიკალური კოდითა და მისამართით სარგებლობდეს.

Comments
Loading...