ბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილი ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ გორის ოფისის ეზოში მოკლეს.
პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, გარდაცვლილი „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი არ არის და უცნობია, რისთვის მივიდა ის ოფისში.
მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ გურამ გოგიჩაიშვილმა საფრთხის შესახებ იეჭვა და თავი მათ ოფისს შეაფარა.
„ოფისი ვიქირავეთ, მაგრამ ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია. პირველი თებერვლიდან ვაპირებდით განახლებას. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც საეჭვო შეემჩნია და ოფისში შემოსულიყო, კარი რომ ღია დახვდა.
ჩემი ინფორმაციით, მკვლელობა ეზოში მოხდა”, – აცხადებს მაჭავარიანი.
ბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილი რამდენიმე საათის წინ მოკლეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, მოკლულის ძმა გორში გავლენიანი პირი, ბორია გოგიჩაიშვილია.
როგორც „ინფო9″-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.