ბობოხიძე: როდესაც ადამიანებს ივანიშვილთან გარიგებულს ეძახი, ასეთ შემთხვევაში, თანამშრომლობის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბიბოხიძე აცხადებს, რომ მომავალი თანამშრომლობის სივრცე ყოველდღიურად უფრო მცირე რჩება.

როგორც მან პარტიაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა, იმ ადამიანების ფრაქციის თავმჯდომარე, რომლებსაც ნიკა მელია პარტიიდან გასულად და გამიჯნულად თვლის, ვერ იქნება.

„ბუნებრივად მიმაჩნია, რომ იმ ადამიანების ფრაქციის თავმჯდომარე, რომლებსაც ნიკა მელია პარტიიდან გასულად და გამიჯნულად თვლის, უბრალოდ ვერ იქნება. ეს ბუნებრივია. რაც შეეხება ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, ამის სივრცე ყოველდღიურად უფრო მცირე რჩება, როდესაც ადამიანებს ივანიშვილთან შეკრულს, გარიგებულს ეძახი, მე ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ვერ ვხედავ თანამშრომლობის შესაძლებლობას“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიასთან თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება, „ნაცმოძრაობაში“ იმსჯელებენ, იმუშავებენ თუ არა ისინი ცალკე პარტიის სახელით.

„არ შეიძლება დღეს ვიყო გარიგებული და თუ ხვალ რაღაცაზე შევთანხმდებით, ისევ აღმოვჩნდე არა გარიგებული, არა მოღალატე. თუ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება, ვიფიქრებთ, ვიდაოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შეკრებილ ადამიანებთან „ნაცმოძრაობის“ სახელზე, თუ ცალკე პარტიით გავაგრძელოთ მუშაობა“, – აღნიშნა ბობოხიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ნიკა მელია, აკაკი ბობოხიძე და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დანიშნული ფრაქციის სხდომის გადადებას მოჰყვა. ნიკა მელიამ, რომელიც სხდომაზე დასასწრებად მივიდა, განაცხადა, რომ ფრაქციის სხდომისა და სასამართლო სხდომის, როგორც ჩანიშვნა ასევე, გადადება საეჭვოდ დაემთხვა.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ.

Comments
Loading...