ბოკერია: გვეყოლება თუ არა გეი პრეზიდენტი – ამომრჩევლის გადასაწყვეტია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია “17 მაისის” კითხვას, მიიჩნევს თუ არა ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად, პასუხობს:

“რა თქმა უნდა, არა. ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არაა. ავადმყოფობა ისაა, როცა ამ საკითხს ასე სვამენ”, – განაცხადა ბოკერიამ.

“17 მაისის” კითხვას, შესაძლოა თუ არა საქართველოს ჰომოსექსუალი პირველი პირი ჰყავდეს, ბოკერია პასუხობს, რომ ეს ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია და ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს.

“თუ ადამიანს საზოგადოების წნეხის გამო უწევს თავისი ორიენტაციის დამალვა, ტრაგიკული ამბავია. ვისაც ქართველი საზოგადოება აირჩევს, ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოს. ეს ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს. ამ ნიშნით არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა სექსუალური ორიენტაციის მატარებელია; უნდა გადაწყვიტოს იმ ნიშნით, პასუხობს თუ არა იმ ამოცანებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. თავისუფალი საზოგადოება ის არის, სადაც ეს საკითხი ადამიანის პირადი ცხოვრების საკითხია მხოლოდ და მეტი არაფერი, თუნდაც პირადი ცხოვრების დეტალები ხმამაღლა ჰქონდეს გაცხადებული. ის თუ ვის ვიქირავებთ და ავირჩევთ ჩვენი ინტერესების გასატარებლად, სექსუალურ ორიენტაციასთან არანაირ კავშირში არ უნდა იყოს”, – განუცხადა გიგა ბოკერიამ “17 მაისს”.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა 1990 წლის 17 მაისს ავადმყოფობათა კლასიფიკაციიდან ამოიღო. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ კი ჰომოსექსუალობა კვლევების საფუძველზე მენტალური დაავადებების სიიდან 1973 წელს ამოიღო.

Comments
Loading...