ბოკერია: საქართველოს ამოცანაა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, კონტაქტების დამყარებაზე იმუშაოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში, კონტაქტების დამყარებაზე უნდა იმუშაოს.

ბოკერიას თქმით, ეს ძალიან რთული იქნება, რადგან საქართველოს მთავრობას ამ კომპეტენციაში ძალიან უჭირს.

„საქართველოს ამოცანაა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, კონტაქტების დამყარებაზე იმუშაოს. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენი ისტორიული ამოცანები არ შეცვლილა. ამიტომ, ნებისმიერ ვითარებაში ჩვენი ვალია, ვიმუშაოთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანა სჭირდება. ეს უნდა გააკეთოს მთავრობამ. ძალიან ვწუხვარ, რომ მთავრობას ამ კომპეტენციაში ძალიან უჭირს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, დონალდ ტრამპი 288 ხმით ლიდერობს, მის მეტოქეს ჰილარი კლინტონს კი 215 ხმა აქვს.

ქართველი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ამერიკა საქართველოსთან მიმართებაში თავის სტრატეგიას არ შეცვლის.

Comments
Loading...