“ბოკერიას გუნდი ყრილობას არ დაესწრება” – სააკაშვილის მხარდამჭერები სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ?

“გიგა ბოკერიას გუნდი 20 იანვარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას არ დაესწრება, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები მათთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ”, – ამის შესახებ “პრაიმტაიმთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მხადამჭერი და ამჟამად გიორგი ვაშაძის გუნდის წევრი ლევან ხაბეიშვილი საუბრობს.

ხაბეიშვილის ინფორმაციით, გიგა ბოკერია ყრილობისთვის არალეგიტიმურად გამოცხადებას, რის შემდეგაც შესაძლოა პროცესებმა სასამართლოში გადაინაცვლოს.

“დარწმუნებული ვარ, ბოკერიას გუნდი ეცდება იურიდიული კაზუსების პოვნას, რათა სასამართლოს მიმართონ. 20 იანვარს ყრილობაზე მათი დასწრება ნიშნავს, რომ იქვე მოსთხოვენ პარტიული მანდატების დატოვებას, ძალიან უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებენ დეპუტატებს რომლებიც პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით შევიდნენ. ამიტომ ისინი არ დაესწრებიან ყრილობას და ეცდებიან სააკაშვილს სამართლებრივად წაართვან პარტია, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა აშკარად მიშას მხარეზეა.

ცალსახაა, რომ ბოკერია წაგებულ თამაშში არ წავა, მისი გუნდი ყრილობას არ დაესწრება და სირცხვილის დერეფნში არ გაივლის, რისი მოწყობის ალბათობაც არსებობს.

დღეს რა პროცესიც მიდის, ამაზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, როცა პარტია დატოვა. მაშინ გიორგიმ ღიად განაცხადა, რომ ბოკერიას გუნდი ცდილობს სააკაშვილის პარტიიდან ჩამოცილებას. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილი იმკის შედეგს”, – აცხადებს “პრაიმტაიმთან” საუბრისას ლევან ხაბეიშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოცილების გეგმაზე ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა, როდესაც მან პარტია პროტესტის ნიშნმად დატოვა. მისი თქმით, ბოკერიას, დავით ბაქრაძის ჩართულობით, პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის “ჩაჩოჩება” სურს.

“დიახ, ამის მცდელობა იყო და არის დღემდე. კაბინეტური მართვის ჯგუფს უნდა, რომ თავიდან ბოლომდე ხელში ჩაიგდოს ეს პოლიტიკური მოძრაობა. მათ ნამდვილად არ აინტერესებთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლისგანაც მოდის “ნაციონალური მოძრაობა” და ის ენერგეტიკა, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას აქვს. ხალხს ენთუზიაზმი დაუკარგეს. ამ ადამიანების ინტერესში არ შედის სააკაშვილი, როგორც აქტიური ადამიანი პოლიტიკაში”, – განაცხადა პარტიის დატოვების შემდეგ გიორგი ვაშაძემ.

მაშინ ამ დაპირისპირებაში სააკაშვილმა ბოკერიას გუნდის პოზიცია დაიკავა და მინიაშნა, რომ გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა.

“მიმაჩნია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში.

ივანიშვილი დარწმუნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა, ვერ შეძლო. ამიტომ, ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...