ბოლო 25 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 1 700 000-ით შემცირდა

საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შობადობამ მოიმატა, თუმცა მოსახლეობის საერთო რაოდეონობაში ცვლილება მაინც არ შეინიშნება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1989 წლის შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობა მილიონ 700 ათასით შემცირდა. სპეციალისტების თქმით, მოსახლეობის შემცირება მიგრაციის ხარჯზე მიმდინარეობს.

უკანასკნელ წლებში, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი 1989-1992 წლებში იყო და 5 მილიონ 400 ათასს შეადგენდა. ამ დროიდან მოყოლებული, რაოდენობა განუხრელად მცირდება. მხოლოდ 2007 წლიდან 2010 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა 20 000-ით გაიზარდა და აქედან 15 000 პატრიარქის ნათლულია.

2011 წელს მოსახლეობა 4 469.2-ს შეადგენდა, 2012 წელს კი 4 497.6 იყო, ხოლო 2014 წლის აღწერის მონაცემებით 4 490.5 ფიქსირდებოდა, 2015 წელს კი მოსახლეობის შემცირება შეინიშნება, რადგან სულ 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი რეგისტრირდება. 2013 წელს ყოველ ათას კაცზე შობადობის საშუალო კოეფიციენტი 12.9 დაფიქსირდა. 2014 წელს კი 16.3-ია. მიუხედავად შობადობის გაზრდილი კოეფიციენტისა, მოსახლეობის რიცხოვნობა მიგრაციის ხარჯზე მცირდება.

2010 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდმა საქართველოში კვლევები ჩაატარა, რის მიხედვითაც 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება, ქვეყნის მოსახლეობა 28%-ით, ანუ 1 170 000 კაცით მცირდება.

კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი საგრძნობლად ირღვევა. ამ დროისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით იზრდება. იუესეიდ-ის მონაცემებით, 232 ქვეყანას შორის საქართველო მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტემპით მე-16 ადგილზეა, შობადობით – 174-ზე იმყოფება.

როგორც დემოგრაფმა ანზორ სახვაძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში შობადობის დონემ მოიმატა, თუმცა წინა წლებში არსებულ დანაკლისთან შედარებით, მომატებული შობადობა საკმარისი არ არის. მისი თქმით, სასურველია არსებული შობადობის დონე კიდევ უფრო გაიზარდოს.

“2014 წელს მოსახლეობის აღწერა ჩატარდა, რომლის მასალები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. თუმცა წინასწარი მონაცემები ცნობილია. აღწერამ გაცილებით ნაკლები მოსახლეობა დააფიქსირა. 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით დადგინდა, რომ მოსახლეობის რაოდენობა სამ მილიონ 700 ათასს არ აღემატება.

“იმისათვის, რომ მარტივი კვლავწარმოება, ანუ თაობებს შორის ცვლა იმავე რაოდენობით მოხდეს, საჭიროა ერთმა ქალმა მთელი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ 2.1 ბავშვი გააჩინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ათი ქალი არანაკლებ 21-22 ბავშვს უნდა აჩენდეს. აქედან ზოგიერთი ერთს გააჩენს, ზოგი ორს და სამს. მაგრამ საშუალო რაოდენობა 21-22 უნდა იყოს.

“2014 წლის აღწერამ გვიჩვენა, რომ ერთი ქალი საშუალოდ 2.19 ბავშვს აჩენს, პრაქტიკულად ეს მარტივი კვლავწარმოებისთვის საკმარისი უნდა იყოს. ამ მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, თითქოს არაფერი არ გვიჭირს, მაგრამ ასეთი მსჯელობა გამართლებული არ იქნება, რადგან ჩვენ წინა წლებში ძალიან დიდი დანაკარგი გვქონდა.

“მთელი 20-25 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა მცირდებოდა. 1989 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 5 მილიონ 400 ათასი ადამიანი ფიქსირდებოდა. დღეს, ამ რაოდენობიდან 3 მილიონ 700 ათასამდე ჩამოვედით, ანუ მოსახლეობა მილიონ შვიდასი ათასით შემცირდა.

“შესაბამისად იმ დანაკლისს, რომელიც წინა წლებში საქართველომ განიცადა, მარტო ეს ერთი წლის გაზრდილი შობადობის მონაცემი, რა თქმა უნდა ვერ შეავსებს. ამიტომ სასურველია, რომ ეს ტენდეცია, კიდევ უფრო გაიზარდოს,” – აღნიშნა სახვაძემ.

როგორც დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ავთო სულაბერიძემ “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა მოსახლეობის კლების მთავარი მიზეზი მიგრაციული პროცესებია. მისი თქმით, უცხოეთში წამსვლელთა რაოდენობა ბუნებრივ მატებას მნიშვნელოვნად აღემატება.

“მოსახლეობის აბსოლუტური მატება რომ გვქონდეს, შობადობა ბუნებრივ მოძრაობას უნდა სჭარბობდეს. ამ შემთხვევაში მიგრაცია შობადობას აჭარბებს, ამიტომაც იკლებს მოსახლეობა.

“საქართველოში შვილების რაოდენობა დაახლოებით 18 პროცენტამდე გაიზარდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. პირველ და მეორე შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა საშუალოდ ერთი ან ორი წელია, ასევეა მეოთხე და მუხუთე შვილს შორის სხვაობაც. თუმცა მეორესა და მესამე შვილს შორის სხვაობა 6-7 წელია ხოლმე.

“აქედან გამომდინარე, ასეთი ტენდეცია იკვეთება, ვისაც ორი შვილი უკვე ჰყავს, მესამეს ეკონომიური პირობებიდან გამომდინარე აჩენს. სასურველ ეკონომიურ გარემოს ვინც ვერ ქმნის, შესაბამისად მესამე შვილის ყოლისგან თავს იკავებს,” – აღნიშნა სულაბერიძემ.

მისი თქმით, შობადობის გაზრდა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. როგორც მან თქვა, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაში განსხვავებული პრობლემები არსებობს, თუმცა საბოლოოდ მაინც სოციალურ-ეკონომიურ პრობლემებთან მივდივართ.

“დემოგრაფიული თვალსაზრისით რთული რეგიონია რაჭა-ლეჩხუმი, შემდეგ მცხეთა-მთიანეთი მოდის, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო, სვანეთი. ყველაზე კარგ მდგომარეობაში აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლია.

“ოჯახში სასურველია, რომ სამი ბავშვი მაინც იყოს. თუმცა რაჭაში მოსახლეობა იმდენად დაბერებულია, რომ იქ სამი ბავშვიც არ იქნება საკმარისი. თაობათა ცვლა იმ დოზით არ ხდება, როგორიც საჭიროა.

“სახელმწიფომ პირველ რიგში, პიროვნების სოციალურ-ეკონომიური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, იმისათვის რომ მას უფრო მეტი შვილის ყოლის სურვილი გაუჩნდეს,” – განაცხადა სულაბერიძემ.

2010 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდმა საქართველოში კვლევები ჩაატარა, რის მიხედვითაც 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება, ქვეყნის მოსახლეობა 28%-ით, ანუ 1 170 000 კაცით მცირდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.