ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ლარმა გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, აშშ დოლართან მიმართებაში ლარმა გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია და უკვე 2.46 ნიშნულს გადააჭარბა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, 1996 წლის 22 იანვრისთვის ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 1.2450 ლარს შეადგენდა, 1997 წლის 22 იანვრისთვის დოლარი 1.2820 ლარი ღირდა, 1998 წლის 22 იანვრისთვის კი, უცხოური ვალუტის ფასი 1.3250 ლარი იყო.

1999 წლის 22 იანვრის მონაცემებით, აშშ დოლარის ფასი, ოფიციალური კურსით 2.0500 ლარს, ხოლო 2000 წლის 22 იანვრის მონაცემებით, 2.0370 ლარს აღწევდა.

2001 წლის 29 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.0600 ლარს შეადგენდა, 2002 წლის 22 იანვარს დოლარი 2.1800 ლარი ღირდა, ხოლო 2003 წლის 22 იანვარს უცხოური ვალუტის ოფიციალური ღირებულება 2.1850 ლარს აღწევდა.

რაც შეეხება 2004-2005 წლებს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, 2004 წლის 22 იანვარს, დოლარის ფასი 2.1300 ლარი იყო, ხოლო 2005 წლის 22 იანვარს, ერთი აშშ დოლარის შეძენა 1.8250 ლარად იყო შესაძლებელი.

2006 წლის 21 იანვარს, უცხოური ვალუტის ოფიციალური ღირებულება 1.8075 ლარს, ხოლო 2007 წლის 23 იანვარს – 1.7140 ლარს შეადგენდა. 2008 წლის 22 იანვრისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ფასი 1.5941 ლარი, ხოლო 2009 წლის 22 იანვრის მონაცემებით, 1.6680 ლარი იყო. 2010 წლის 22 იანვარს კი, აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 1.7096 ლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის მიერ 2011 წლის 22 იანვრისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ფასი 1.8085 ლარი, ხოლო 2012 წლის 21 იანვრისთვის დადგენილი კურსით 1.6706 ლარი იყო. 2013 წლის 22 იანვარს უცხოური ვალუტის შეძენა 1.6598 ლარად, ხოლო 2014 წლის 22 იანვარს 1.7762 ლარად იყო შესაძლებელი.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის 22 იანვრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარი 1.9539 ლარი ღირდა. გასული წლის 6 თებერვლიდან, ლარმა გაუფასურება დაიწყო და 2.00 ნიშნულს გადააჭარბა. მას შემდეგ, ლარი მკვეთრად უფასურდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ხვალისთის დადგენილი ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. დოლარის ფასი უკვე 2.4694 ლარს შეადგენს.

ბოლო დღეების განმავლობაში, ერთი აშშ დოლარის ფასი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში საშუალოდ, 2.51 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გაუფასურდა, ბაზარზე დოლარის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

Comments
Loading...