ბორჯომის რაიონში ნაპოვნ მონეტებს, არაბულ ენაზე ქრისტიანული ლოცვა აწერია

ისტორიკოსმა ბაკურ გელაშვილმა გვიამბო, თუ როგორ მოხვდა მასთან 1280-1295 წლებით დათარიღებული ქართულ-ჰულაგუიდური ვერცხლის მონეტები (დიჰრემი) და რა ბედი ეწია შემდგომში მათ.

„ ეს მონეტები სოფლის მრავალსაუკუნოვან წარსულზე მეტყველებს, დაახლოებით 40 ცალი, ჩემს თანასოფლელს კ.ბლიაძეს ოცი-ოცდახუთი წლის წინ, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში, ნაკვეთის დამუშავებისას უპოვნია. მონეტები სპილენძის ზარში ყოფილა შენახული, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობა ამ მონეტებისა განადგურდა, სათანადო მოუვლელობის გამო. მხოლოდ სამად სამი ცალი მონეტა ჩამივარდა ხელთ და აქედან ერთი ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადავეცი, ერთი კი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახემწიფო მუზეუმს, (ინახება 38-2005/1 ნომრით). როგორც სახემწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ირა ჯალაღანიამ განმიმარტა, მონეტის AV. შემდეგი შინარსიის წარწერაა: აბაღა, აჰმედი, არღუნი, ქეიღათუ. ხოლო BV. არაბული წარწერით ქრისტიანული ლოცვა: სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისათა, ღვთისა ერთისა და ქრისტიანული სიმბოლო ჯვარი. მონეტების ამ რაოდენობის ერთ ტერიტორიაზე პოვნა იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ იმ პერიოდისათვის სოფლის ცხოვრება საკმაოდ კარგად იყო განვითარებული და დიდ აღებ-მიცემობას ეწეოდა იმდროინდელი მოსახლეობა.“

Comments
Loading...