ბრაზილიის შტატ ამაზონასის ციხეში მომხდარი არეულობისას 50-ზე მეტი პატიმარია მოკლული. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, არეულობა, რომელიც კვირას დაიწყო, ორშაბათს დასრულდა, როდესაც პატიმრობაში მყოფმა პირებმა იარაღი დაყარეს და მძევლად აყვანილი დაცვის 12 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ციხის კაპელანმა განაცხადა, რომ არეულობა ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას შორის მოხდა. გავრცელებული ცნობით, პატიმართა ნაწილი ციხიდან გაიქცა.
BBC -ის ცნობით, ბრაზილიას პატიმრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა, 600 000 ადამიანი ჰყავს ციხეში. მსოფლიოში ის ამ მხრივ მე-4 ადგილზე იმყოფება და საპატიმრო დაწესებულებების გადატვირთულობის გამო ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს.
როგორც BBC იუწყება, კვირას, შუა დღეზე, როდესაც არეულობა დაიწყო, ექვსი თავმოკვეთილი ცხედარი იქნა გადაგდებული ციხის პერიმეტრის ღობიდან.
წყარო : guardian.ge