ბუკამ დეტალურად გაიხსენა, თუ რა მოხდა იმ დღეს საბურთალოს სასაფლაოზე

“თავისუფალი დემკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დეტალურად ყვება, თუ რა მოხდა 26 თებერვალს საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე

“როგორც კი ბუკა გონზე მოვიდა, ოჯახის წევრების შემდეგ მეც შევედი, ვერ აღგიწერთ რა მძიმე სანახავი იყო. ჩემი თხოვნით, მან დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა იმ ავბედით დღეს საბურთალოს სასაფლაოზე…
26 თებერვალს ლევან მიქელაძის დაბადების დღე იყო. როგორც ჩანს, მკვლელობის დამკვეთმა კარგად იცოდა, რომ ჩვენი პარტიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს ბუკა ლევანის საფლავზე აუცილებლად მივიდოდა. იქ მისულს ლევან მიქელაძის კიდევ სამი მეგობარი დახვდა,მათ შორის კახა საკანდელია და ზურა ლობაშვილი. მესამე მეგობრის სახელი არ მახსოვს. ბუკას სანთელი დაუნთია და შემდეგ მეგობრებთან დაუწყია საუბარი… ამ დროს ვიღაც მიეპარა და ჩაქუჩი ჩაარტყა, ბუკა არ წაქცეულა, მოტრიალებულა და თავმდამსხმელის ჩაქუჩიანი ხელი დაუჭერია… როგორც ბუკა იხსენებს, მას ორი პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი იყო ძალიან მაღალი, ნავარჯიშები სხეული ჰქონდა და კეპი ეფარა, მეორეს კი, შედარებით მომცრო ტანისას, ნიღაბი ეკეთა და კაპიუშონი ეხურა… იმ მაღალს, რომელსაც ჩაქუჩი ეჭირა, ბუკა წინააღმდეგობას უწევდა და ამ დროს დავარდნილა.
თავდამსხმელს უთქვამს, ხელი გასწიეო, თორემ უარესს დაგმართებო. ამ დროს ჩაქუჩი მეორე ხელში გადაუტანია და თავში ჩაურტყამს… ბეწვზე გადავრჩით ზუსტად საფეთქელტან აქვს. მეორე კი, შედარებით მომცრო ტანის ბუკას მეგობრებს იარაღს უღერებდა – არ ჩაერიოთო. მას ხელში ბეისბოლის ჯოხიც სჭერია. როდესაც ამ მაღალმა წაქცეულ ბუკას თავში ჩაქუჩი კიდევ ერთხელ ჩაარტყა, იმ მეორეს ტყვიები დაუხლია. ამ დროს ბუკას კახა საკანდელიძე გადაჰფარებია, მასაც დაადეს იარაღი და უთქვამთ, შენ არაფერს გერჩით ნუ ერევიო…
სროლის შემდეგ თურმე ისე გამეტებით ურტყამდნენ წაქცეულ ბუკას, როგორც ჩანს, ხმაურმა მოსახლეობამდეც მიაღწია. ერთ ქალს უყვირია,112-ში უკვე დავრეკე და პოლიცია მოდისო. მაშინვე გაქცეულან, როგორც ამბობენ, ახლოს მანქანა არავის შეუმჩნევია, ალბათ უმანქანოდ იყვნენ“
, – აცხადებს ნინო გოგუაძე.

Comments
Loading...