ბურჭულაძე ლაგაზიძეზე: მე ვაპატიე მას

„მე ვაპატიე მას“ – ეს განცხადება „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ხათუნა ლაგაზიძესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა. გვიან ღამით, ბურჭულაძე აშშ-დან დაბრუნდა, სადაც წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა.

ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ხათუნა ლაგაზიძის „განრისხება“ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ის განრისხება, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ გამოიჩინა, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, მან იცოდა ეს, იმიტომ, რომ ჩვენ გუნდურად განვიხილეთ და ვთქვით – ჩვენი პრიორიტეტი არის ის, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ საქმის მკეთებლები და არა მოლაპარაკეები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ხათუნა ლაგაზიძემ პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ორი დღის წინ დატოვა. მისი განცხადებით, ბურჭულაძემ საარჩევნო სია კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირთა აზრის გათვალისწინებით დააკომპექტა. „საზოგადოებას, განსაკუთრებით დედებს მოვუწოდებ, არ შეგაცდინოთ ამ ადამიანმა, არ ანდოთ პაატა ბურჭულაძეს თქვენი შვილების მომავალი, იმიტომ რომ მან საკუთარი სახელი გაყიდა, საკუთარის სინდისი გაყიდა და ის თქვენს შვილებს ძალიან მარტივად გაყიდის“, – აღნიშნა ლაგაზიძემ.

Comments
Loading...