ბურჭულაძის პოლიტიკური გზავნილები

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორი, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ „საქართველოს განვითარების ფონდი“ მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. ფონდის დამფუძნელებლი, პაატა ბურჭულაძე კი პირობეს დებს, რომ ფონდი დაასრულებს ნეპოტიზმის, უპასუხისმგებლობისა და შიშის ეპოქას ქვეყანაში. პაატა ბურჭულაძემ დღევანდელ პრეზენტაციაზე რამდენიმე პოლიტიკური გზავნილი გააკეთა, ისაუბრა მძიმე ეკომიკურ და სოციალურ მდგომარებაზე, ასევე ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე და პერსპექტივებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ფონდი მხოლოდ საზოგადოებრივია, არ არის გამორცხული, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს. როგორც ვანო მაჭავარიანი აცხადებს, ფონდის მთავარი მიზანია საზოგადოების დაბრუნება იმ საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

კითხვაზე – გეგმავს თუ არა ფონდი პოლიტიკურ მოღვაწეობას, ან კონსულტაციებს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, მაჭავარიანმა უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ახლა მთავარია საზოგადოებრივი ორგანიზაციის პლატფორმის შექმნა და არ გამორიცხა სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან საუბარი.

ფონდის შიდა პოლიტიკის და უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელის ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ამ ეტაპზე გუნდი მოქმედებს საზოგადოებრივი ფონდის ფორმატში.

„ჩვენი მიზნები გახლავთ საქართველოს განვითარების ახალი ხედვის ჩამოყალიბება, ამ მიზნით საზოგადოების მაქსიმალური მობილიზება, მათ შორის ახალგაზრდა თაობის ჩართულობა და ჩვენი ერთ-ერთი სოციალური პასუხისმგებლობა არის სწორედ ახალი თაობის შემოყვანა ამ სივრცეში. გარდა ამისა, ჩვენ მოვიცავთ მთელ საქართველოს, გავალთ ყველა მუნიციპალიტეტსა და რაიონში. მოვუსმენთ მოსახლეობას და მათგან მივიღებთ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის გზებს. ეს იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მობილიზება და საზოგადოებას ექნება საშუალება თავად დადოს საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზები“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

პაატა ბურჭულაძემ „საქართველოს განვითარების ფონდი“ დღეს ოფიციალურად დააფუძნა და რამდენიმე გზავნილიც გააკეთა – „ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის“. მიუხედავად ამ გზავნილებისა, ბურჭულაძე ამბობს, რომ ეს არის საზოგადოებრივი ინიციატივა და არა პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ დაფუძნდა იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის. ჩვენ ვამბობთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ფონდი დაფუძნდა იმისთვის, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის, გულგრილობისა და შიშის ეპოქა. დიახ, შიშის ეპოქა – ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის. ფონდი დაფუძნდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ადამიანების „ჩემიანებად“ და „სხვისიანებად“ დაყოფა. მე მიმაჩნია, რომ სწორედ დაყოფა იყო მთავარი დამანგრეველი ძალა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ამდენად, ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ორგანიზაციას. „საქართველოს განვითარების ფონდი“ არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც ჩვენ ყველას საერთო მიზნისა და საერთო იდეალების ირგვლივ გაგვაერთიანებს“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ამასთან, ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი სურვილია ფონდის ირგვლივ გაერთიანდნენ ახალგაზრდები, ვინაიდან მათი მონაწილეობის გარეშე ქვეყნის წინსვლა წარმოუდგენელია. „ფონდი შეიქმნა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს მონაწილეობა განვითარებასა და გამარჯვებაში, რადგან საქართველო ყოველი ჩვენგანის საზრუნავია“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

მან ასევე ისუბრა შექმნილ ეკონომიკურ მდგომარებაზე და აღნიშნა, რომ ასეთი ეკონომიკის ზრდის ტემპით ჩვენ ვერასდროს მივუახლოვდებით ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნებსაც კი.

„სულ ცოტა ხანში ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. ნუთუ მეოთხედი საუკუნე არ იყო საკმარისი, რომ უკვე, დღეს, ეკონომიკური განვითარების სულ სხვა საფეხურზე ვყოფილიყავით? კაცობრიობა ვითარდება და სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ, ჩვენ ძლიერ ჩამოვრჩით. ასე გაგრძელება არ შეიძლება. მეტად დაგვიანების უფლება უბრალოდ, არ გვაქვს“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ, რომლის განცხადებით, ამა წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მისაღებად რეგისტრაცია მილიონ-ნახევარზე მეტმა ადამიანმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 42% თავს ღატაკად მიიჩნევს.

„დღეს ბევრი მოლოდინის რეჟიმშია, როდის მიაღწევს საპენსიო ასაკს, რომ მიიღოს 160 ლარიანი პენსია – მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ეკონომიკა ვითარდება, ჩვენი ვალუტა სტაბილურია, ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად არის. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად 290 ლარი დაწესდა. გამოდის, თვეში 72 ლარი ერთ ადამიანს უნდა ეყოს კვებისთვის, მკურნალობისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის. თუ ეს ასეა, მართლაც, ყველაფერი კარგად ყოფილა.

246 000 დევნილი, რომელთა სახლები, სალოცავები და წინაპართა საფლავები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სახელმწიფოსგან 45 ლარიან შემწეობას იღებს. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის და იმასაც გვეუბნებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობა ლაგდება. ერთადერთი, რაც ჩემს სამშობლოში უდავოა, გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

წყარო
for.ge
მართა ლაბაძე

Leave A Reply

Your email address will not be published.