“C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული მსჯავრდებულებიდან 90%-იანი განკურნების შედეგი დადგა”

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩეველს მაიკლ ო ბოილს და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მხარეებმა შეხვედრაზე სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე და მიღწევებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ის წარმატებული პროექტები, რომელსაც უწყება ევროსაბჭოსთან ერთად ახორციელებს და სამომავალო გეგმებზეც ისაუბრეს. თამარ ხულორდავამ იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანაშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულთა კლასიფიკაციაზე რისკების მიხედვით, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პენიტენციურ ჯანდაცვაზე. თამარ ხულორდავას განცხადებით, მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით, ოთხ ტიპად დაყოფის პროცესი უკვე დაწყებულია, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა ჩართვას მათთვის შესაფერის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებში.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მთავრობის სპეციალურ მრჩეველს პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების კუთხით მიმდინარე C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა რომ სკრინინგი 11 ათასზე მეტ მსჯავრდებულს ჩაუტარდა და პროგრამაში 500 მათგანი ჩაერთო. C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული მსჯავრდებულებიდან 90%-იანი განკურნების შედეგი დადგა. რაც შეეხება ტუბერკულოზს, ახალრეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. 2015 წლის მონაცემებით 37 დაავადებულია, მაშინ როდესაც 2012 წელს მათი რიცხვი 457-ს შეადგენდა.

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად მაიკლ ო ბოილი 2015 წლის ივნისში დაინიშნა და ეს მისი მეორე ვიზიტია საქართველოში.

Comments
Loading...