“Check-in Georgia-ს” ფარგლებში, ახალქალაქში ანსამბლ “ადილეის” კონცერტი გაიმართება

29 ივლისს, 16:00 საათზე ახალქალაქში, ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლაში ანსამბლი ,,ადილეი” კონცერტს გამართავს. კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

“ადილეი” ჩამოყალიბდა 2012 წელს. ქართული ხალხური სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული ანსამბლი გამოირჩევა ტრადიციული საშემსრულებლო მანერით, იმპროვიზაციითა და ინდივიდუალობით. ერთად მღერის სურვილმა გააერთიანა ერთი სამეგობრო წრე. მათი მიზანი იყო: ჭეშმარიტი ფოლკლორული ნიმუშებისა და ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაცია, ქართული ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელი სილაღის, სიხარულის, უშუალობის, სიხალასის მსმენელამდე მიტანა-გაზიარება. ,,ადილეი” მსმენელის წინაშე პირველად 2014 წლის გაზაფხულზე წარდგა – ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში გამართულ მანანა შილაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე და იმთავითვე  მსმენელთა და სპეციალისტთა აღიარება მოიპოვა.

,,ადილეის” რეპერტუარის მთავარი წყარო საარქივო ჩანაწერებია. უპირატესი – გურული, აჭარული, მეგრული და იმერული სიმღერები… არაზუსტი ასლები, არამედ გათავისებული, მორგებული, ახალსიცოცხლემინიჭებული, საკუთარი – ადილეისეული ვარიანტები. საკრავები, რა თქმა უნდა, ტრადიციული: ჩონგური, დოლი, ფანდური…

​ანსამბლი მონაწილეობდა არაერთ კულტურულ ღონისძიებასა და საქველმოქმედო კონცერტში, სატელევიზიო პროექტებსა და რადიოგადაცემებში, ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის კონცერტებში.  გასტროლებით მოიარა იტალია და გერმანია.​

​15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა”. ექვსი თბილისური ანსამბლი – „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ – საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.

​ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

​კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

 

Comments
Loading...