„ჩემი ოცნებაა, ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას“ – ალექსანდრე ჯეჯელავა

“ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას”. ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სკოლის ბუფეტებიდან არაჯანსაღი საკვების ამოღების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სკოლებში ჯანსაღი პროდუქტის შეტანის საკითხზე ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად. გვინდა და აქ უკვე დაძალება არ გამოვა, ეს იქნება უფრო შეთავაზება [სკოლებისთვის], ეს იქნება ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი. უნდა შევეცადოთ, შვედეთში იყო პროექტი, რომ სოფლის მეურნეობამ დაიწყო პროექტი და ყველა სკოლის შესასვლელში დადგა ვედრო/თასი ვაშლით. თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ნუ შეჭამს თუ არ უნდა, ბოლოს მაინც შეჭამს, ესუსნავებათ ბავშვებს და მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ

მისივე თქმით კონტროლის მექანიზმში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია და მათგან რეკომენდაციების მიღებისთვის მზად არიან.

“სკოლები გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომელიც ამას დაარეგულირებს და საშუალება ექნებათ, იმ კონტრაქტორს, რომელიც წესებს დაარღვევს შეუწყვიტონ ეს ხელშეკრულება. ასევე, ჩვენი მხრიდან სკოლებს, ადმინისტრაციას, დირექტორს ექნება ძალიან კონკრეტული მითითება, რომ პირადად გააკონტროლოს. დირექტორები შეძლებენ, რომ ეს არ მოხდეს მათ სკოლაში, თუ ეს გახდება მათი შეფასების ინსტრუმენტი და ეს აუცილებლად გახდება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

წყარო: edu.aris.ge

 

Comments
Loading...