‘ჩემთვის ისლამი არ ასოცირდება იმ საშინელებებთან, რაც დღეს ხდება სირიაში და რაც მოხდა საფრანგეთში.”

საქართველოს პრეზიდენტმა ტოლერანტობის დღე აღნიშნა და სასახლეში სპეციალური მიღება გამართა დიპლომატიური კორპუსისათვის. შეხვედრაზე პრეზიდენტმა სტუმრებს მიმართა:
„ჩვენ, მთელმა კაცობრიობამ ამ დღეებში სწორედ ტოლერანტობის თვალსაზრისით მივიღეთ გამოწვევა.

საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ გაერთიანება და კიდევ ერთხელ ვუპასუხოთ აგრესიას და ტერორს, რომ ვერასოდეს შეგვცვლის ტერორი და არასდროს შეიბღალება ჩვენში ტოლერანტობის სულისკვეთება.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემთვის ტერორიზმი და ვანდალიზმი რელიგიასთან და ისლამთან არ ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავს მუსლიმებს უწოდებენ და ტერორის დათესვას ცდილობენ.
ჩემთვის ისლამი არ ასოცირდება იმ საშინელებებთან, რაც დღეს ხდება სირიაში და რაც მოხდა საფრანგეთში.

მსოფლიოს მასშტაბით დაღუპული ნებისმიერი ადამიანი ჩვენთვის ძალიან დიდი დარდის საგანია, მნიშვნელობა არ აქვს სად ხდება ეს – თანამედროვე დასავლურ სამყაროში, თუ აზიის რომელიმე ქვეყანაში. ადამიანის სიცოცხლის ფასი ყველგან ერთნაირია და ყველგან საშინელია, როდესაც ჩვენ ვხედავთ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს.

ტერორიზმი ამაზრზენია, მაგრამ განსაკუთრებით გარყვნილი და ამაზრზენია ტერორიზმი, რომელიც ხორციელდება რელიგიური საფარის ქვეშ, რადგან ამ შემთხვევაში, ტერორისტები არამხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს ხელყოფენ, არამედ ისინი ხელყოფენ ჰუმანიზმის იმ საფუძვლებს, რომელიც ჩადებულია ისლამშიც, ქრისტიანობაშიც, იუდაიზმშიც და ყველა სხვა რელიგიაში.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც განსხვავებულის მიმღებლობის გრძელი და ამაყი ისტორია აქვს. ჩვენ, ქართველები ვამაყობთ იმით, რომ შევძელით და ისტორიის განმავლობაში მრავალი რელიგიის და მრავალი ეთნოსის თანაცხოვრების პრეცედენტები შევქმენით.

დღეს, ჩვენი წინაპრების ამ მაგალითს ვუზიარებთ მთელ მსოფლიოს, როდესაც კაცობრიობას კიდევ ერთხელ აქვს მიღებული გამოწვევა იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც სხვისი სიცოცხლის ფასად საკუთარი ძალაუფლების გაძლიერება და განმტკიცება სურს.
მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ქართული საზოგადოების გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა პარიზში.

ჩემთვის, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტისათვის, რომლის შეიარაღებული ძალებიც მსოფლიოს მასშტაბით გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტერორიზმის წინააღმდეგ ქმედით ბრძოლას ახორციელებენ, ფასეულია თითოეული ადამიანის სოცოცხლე.

ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო იყო, რჩება და მომავალშიც იქნება ყველა კონფესიის ადამიანისათვის ადგილი, სადაც ისინი საკუთარი რელიგიის, შეხედულებებისა და რწმენის სრული მასშტაბით განხორციელებას შესძლებენ.

ჩვენ მათ იმგვარ მშვიდობიან გარემოს შევუქმნით, როგორსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში უქმნიდნენ. ამის გარანტია არის ქართული კულტურა, ამის გარანტია არის ქართული საზოგადოება!

მე მინდა, დღეს, კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ჩვენი კონსტიტუციით დაცული კონფესიის – მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის განცხადება, რომელმაც ძალიან ნათლად, მთელ საზოგადოებას აჩვენა და უთხრა იმის შესახებ, რომ საქართველოში არცერთი რელიგიური კონფესია და არცერთი ადამიანი არასდროს გააიგივებს აგრესიას სხვა რელიგიასთან.

მსურს მადლობა გადავუხადო ომბუცმენთან არსებულ რელიგიის საბჭოს ჩემი მოკრძალებული ღვაწლის ხაზგასმისათვის და იმ ჯილდოსთვის, რომელიც წელს გადმომეცა.

ამ მძიმე წუთებშიც, როდესაც ყველა შეძრული ვართ პარიზში მომხდარი ტერაქტით ჩვენ ვიყავით, ვართ და ვრჩებით იმ ქვეყნად, რომლისთვისაც ტოლერანტობა იქნება ერთერთი მთავარი ღირებულება“, –აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Comments
Loading...