ახალი პოლიტიკური გაერთიანება და საგანგებო განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში. “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილმა პარტიის რიგები დატოვა.
“არ მიყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი. ეს ერთი კვირა, რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს. ის იყო პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა ძლიერმა, თავისუფალმა ადამიანმა. ეს პარტია შექმნა, დიახ, ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის თავისი თავის პრობლემა. ის არის ადამიანური ტკივილი. ის აღარ ასხივებს ლიდერობას!
მე იმათ გვერდზე არ ვიქნები, ვინც ასე დაიმცირა საკუთარი თავი! ჩვენ ვქმნით მოძრაობას და ჩვენ ვიყავით მოძრაობა, რომელიც შედგებოდა თავისუფალი ადამიანებისგან. პოლიტიკა არ არის დავარცხნილი საუბრები. პოლიტიკა ინტერესების ჭიდილია!
ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა! დიახ, ამ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ადამიანია! აღარ არის ენის მოჩლექვის დრო. მივხედოთ რეალურ საქმეებს!”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული წევრები საქმიანობას „ევროპულ საქართველოში“ განაგრძობენ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა.
პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.
ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.
წყარო:marshalpress.ge