ჩერგოლეიშვილი: თუ გვინდა ბიძინა დამარცხდეს, გუნდია საჭირო – სადაც ბევრი ტვინია და არა ჯოგი

„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვრცლად ეხმაურება, ბოლო პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას.

„ფართოდ უნდა გავაღოთ თვალები დიდი სურათის დასანახად და გაითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყანაში პირადად მიშას მხარდამჭერი გაცილებით, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ბიძინათი უკმაყოფილო ამომრჩეველი.

არჩევნების მოსაგებად 900000 ხმა გვჭირდება.

ეს არის ასე – ესაა რეალობა.

ძალიან კარგად მესმის ენმ-ის გახლეჩის პერსპექტივით გამოწვეული შიში, არავის აწყობს გახლეჩა.

არც არავინ ხლეჩს ჩემი დაკვირვებით, გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც ბიძინას დამარცხება სულ არ ანაღვლებს, თუ ოლიგარქის მარცხის შედეგად 2012 წლამდე არსებული ვითარება არ დაბრუნდა და იგივე მასშტაბის ძალაუფლება არ მოიპოვა.

მაგრამ კიდევ უფრო დამაზიანებელია გახლეჩვის შიშით ჭაობში ჩაძირვა.

თუ ამოცანა ბიძინას დამარცხებაა და არა პიროვნების კულტის ჩრდილში მარგინალურ, რეაქციულ ძალად ქცევა, ენმ-ში დაწყებული მტკივნეული რეფორმა ბოლომდე უნდა მივიდეს.
თუ პარტია ვერ დაუძვრა წარსულის ტყვეობას და შუა გზამდე მისული რეფორმა ჩავარდა, პროგრესულმა, ფართო ამომრჩეველზე და რეფორმაზე ორიენტირებულმა ხალხმა ახალი ძალა უნდა შექმნან.

რასაკვირველია ეს იქნება უფრო რთული, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა.

რეალობას მოწყვეტილი ლიდერების შანტაჟით ბიძინას ვერ დავამარცხებთ.

ერთიანობა გამარჯვებისთვისაა საჭირო და არა დამარცხებისთვის.

თუ გვინდა ქვეყანამ მოიგოს და ბიძინა დამარცხდეს გუნდია საჭირო – გუნდი, სადაც ბევრი ტვინია და არა ჯოგი, რომლის ყოჩიც სხვა ქვეყანაშია, სხვა ქვეყნის მოქალაქეა და საკუთარი სურვილითვე – სხვა ოპოზიციურ პარტიას უდგას საათავეში.

და ბოლოს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ენმ-ში დაწყებული თვითგამორკვევის პროცესი, ქვეყნისთვის იქნება ბევრად უკეთესი.

კრილოვის ცნობილი იგავის მდგომარეობაში მყოფი ძალა ტვირთს ადგილიდან ვერ დაძრავს.

რაც ქვევით გექაჩება, სჯობს ჩაიხსნა, რომ ზევით წახვიდე – უბრალოდ გონება და ძალაა საჭირო, რომ ქარმა არ წაგიღოს. გონება გვაქვს, ძალა კი პრინციპების გარშემო ერთობაშია“, – აღნიშნავს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Comments
Loading...