ჩინეთი სეპარატისტული აფხაზეთით ინტერესდება?!

დე ფაქტო აფხაზეთის ვიცეპრეზიდენტი ვიტალი გაბნია აცხადებს, რომ აფხაზეთში ახალი გზის მშენებლობით ჩინეთია დაინტერესებული. მისი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტი მანამდეც არსებობდა, თუმცა პროცესის დაწყება სირთულის გამო ვერ ხერხდებოდა. ჩინური კომპანიის მხრიდან გამოყოფილი 40 მილიარდი აშშ დოლარის საშუალებით კი ამ პროექტის განხორციელება რეალური იქნება.

უფრო მეტიც, გაბნიას თქმით, ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ხელი მოეწერა მემორანდუმს „ელბრუსის“ სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების პროექტის რეალიზაციის შესახებ, რომელიც ყარაჩაევო-ჩერქეზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთის აფხაზეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის ჯერ მხოლოდ მოსკოვში ხელმოწერილი მემორანდუმი არსებობს და სხვა დეტალები კიდევ მუშავდება, რის შემდეგაც აფხაზეთში სამუშაო ადგილები შეიქმნება და შემცირდება ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოზე, რომელიც არალეგალური იმპორტის კუთხით ისევ არსებობს.

„ჩინელებს აინტერესებთ არა მხოლოდ საავტომობილო გზა, არამედ პორტიც და რკინიგზაც. ორპოლარულ მსოფლიოში ოდესისა და ბალტიისპირეთის პორტები რუსეთს არ ემსახურებიან. ნოვოროსიისკის პორტი გადატვირთულია. ჩინეთს რუსულ და ევროპულ ბაზრებზე არ ჰყოფნის პორტები და, შესაბამისად, მზად არის ინვესტირებისთვის. პორტის გამოყენებით მილიონობით ტონა ტვირთის ტრანსპორტირება შეიძლება“, – აცხადებს გაბნია „სპუტნიკთან“ ინტერვიუში და განმარტავს, რომ პროექტის რეალიზება უნდა უზრუნველყოს ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ China Railway-მ და რუსულმა კომპანიამ „რეგიონ-პროექტმა“. China Railway კი ჩინეთის უმსხვილესი სარკინიგზო კომპანიაა, რომელსაც კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობს.

ის, რომ სეპარატისტები ბოლო დროს ხშირად ახსენებენ ჩინურ ინტერესს აფხაზეთთან მიმართებით, დამაფიქრებელია. ჩნდება კითხვა, ორმაგ თამაშს ხომ არ თამაშობს ჩინეთი, რომელიც, ამავდროულად, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებითაა დაკავებული, თუ ჩინეთის თემით აპელირება სეპარატისტი ლიდერების ფანტაზიის ნაყოფია?!

უფრო ადრე For.ge წერდა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოში ჩინური ინვესტიციები და პროდუქციის იმპორტი უნდა გაზრდილიყო და ჩინეთიდან შემოტანილ გაიაფებულ იმპორტს უნდა ჩაენაცვლებინა იმპორტი თურქეთიდან.

ამის იმედს სტატისტიკური მონაცემებიც იძლეოდა. კერძოდ, 2014 წლის მდგომარეობით, იმპორტის კუთხით, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო (მთლიანი იმპორტის 20.1% თურქეთზე მოდიოდა), ხოლო რიგით მეორე პარტნიორი ჩინეთი გახლდათ (მთლიანი იმპორტის 8.6%).

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მაშინ ჩვენთან საუბარში ჩინეთის, როგორც მსოფლიოში მზარდი დომინანტური საბაზრო მოთამაშის, როლს განსაკუთრებულს უწოდებდა. მისი აზრით, ჩინეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროპასთან სწორი საკომუნიკაციო ლოჯისტიკური ქსელის სისტემის აწყობა და, საბედნიეროდ, საქართველო ამ ლოჯისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი ბუნებრივი კომპონენტი გახლდათ, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე.

დღეს კი, რა შეიცვალა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას შორის და რას ნიშნავს კომუნისტური ჩინეთის „დაინტერესება“ აფხაზეთის თემით? ხომ არ ურევია ამ ყველაფერში რუსეთის ხელი, რომელთანაც დღეს ჩინეთს, საკუთარი ტერიტორიების დაბრუნების გაუნელებელი სურვილის მიუხედავად, ახლო ურთიერთობა აქვს?!

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩინეთი ის სახელმწიფოა, რომელიც ძალიან ფრთხილია სეპარატისტულ საკითხებთან მიმართებით. ამდენად, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კანონი აქვს მიღებული, გაუგებარია, რამდენად სწორია ინფორმაცია ჩინურ-აფხაზური ურთიერთობის შესახებ და ეს ხომ არ არის აფხაზი დე ფაქტო ჩინოვნიკის სურვილი, ჩართოს ჩინეთი ამ საქმეში.

„ჩინეთი არ არის ისეთი სახელმწიფო, რომელიც არ უყურებს კანონს ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ, ან არაფრად არ აგდებს გაეროს რეზოლუციებს. მხოლოდ ის, რომ კომუნისტური პარტიის წარმომადგენელია ჩინეთის სათავეში, ან რუსეთთან ახლო კავშირი აქვს, არ ნიშნავს, რომ ჩინეთმა გადადაგას ასეთი ნაბიჯი. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ზოგადად, აფხაზეთის რკინიგზის მიმართ ყველაზე მეტი ინტერესი აქვს რუსულ მხარეს. რუსეთი ყოველნაირად ცდილობს, ხელში ჩაიგდოს ქართული რკინიგზის მონაკვეთი და, საბოლოო ჯამში, განახორციელოს მისი დიდი იდეა, რაც სამხრეთ რკინიგზის მონაკვეთის ჩამოყალიბებას ნიშნავს.

სხვათა შორის, ქართული ხელისუფლება ადრე საქართველოს რკინიგზის გაყიდვის შესახებ საუბრობდა. რეალურად ეს არ მოხდა და სწორიც იყო, რადგან რკინიგზას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს რკინიგზაზე ტვირთბრუნვა შეიძლება ისე გაიზარდოს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსაც გადააჭარბოს მისმა ტვირთმა, მით უმეტეს, რომ ჩინეთიც შემოვა ამ ტვირთბრუნვაში. ამიტომ, თუ აფხაზეთის რკინიგზას საქართველოს ხელისუფლების ნებართვით აღადგენს ჩინეთი და აფხაზეთში ჩვენი იურისდიქცია გავრცელდება, კარგი იქნება. სხვა მხრივ, არა მგონია, რომელიმე ჩინურმა კომპანიამ თავისი იმიჯი ისე დასწიოს, რომ აფხაზეთის ტერიტორიის პატარა მონაკვეთი ამჯობინოს, რომელსაც მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება“, – აცხადებს პაატა აროშიძე.

რაც შეეხება ჩინეთისა და რუსეთის ფარულ შეთანხმებას აფხაზეთთან მიმართებით, ექსპერტი აცხადებს, რომ ასე ყველაფრის დაშვება შეიძლება, მაგრამ ჩინეთი ჯერჯერობით ფარულად აცხადებს თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს კავკასიაში და ჯერ მას არ გამოუკვეთავს დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები. თუკი გამოკვეთს ამ ინტერესებს კავკასიის რეგიონში, მაშინ ის, ალბათ, პირველ რიგში, საქართველოსთან წამოვა მოლაპარაკებაზე, რადგან ჩვენ გვაქვს ფოთის პორტი, სუფსის პორტი, შენდება ახალი პორტები, სადაც შესაძლებელია ჩინური ინვესტიციების ჩადება.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩინეთი თვითონ დგას სეპარატიზმის პრობლემის წინაშე, მისთვის პრობლემურია ტიბეტი და სხვა რეგიონები. ამიტომ გამორიცხულია, ჩინეთმა სეპარატისტულ რეგიონებთან დაიჭიროს კავშირი.

„ეს წარმოუდგენელია, პოლიტიკურად ჩინეთს თვითონ არ აწყობს იმის პრეცედენტი, სეპარატისტულ რეჟიმებთან დაიჭიროს საქმე. ჩინეთი საქართველოს მთავრობის საკმაოდ სერიოზული პარტიონიორია, საქართველოს დელეგაციები მიდიან ჩინეთში თავისუფალი ხელშეკრულების პრინციპების ჩამოსაყალიბებლად. ასე რომ, საკმაოდ ღრმა ურთიერთობაა, ამიტომ გამორიცხეთ, რომ ჩინეთი რაიმე ურთიერთობას დაამყარებს სეპარატისტულ რეგიონებთან“, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

წყარო
for.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.