ჩიორა თაქთაქიშვილი: “დიახ, მიშა დღესაც ჩვენი რეალური ლიდერია”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისუქში” გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმიანება და წერს:

“ვისაც დიდი ხანია ყელში ქონდა ამოსული მიშას ლიდერობა, პოლიტიკოსობა, აქტიურობა, ნიჭი, ეფექტურობა, იდეალისტობა, პატიოსნება, იმ ხალხზე რა თქმა უნდა, მძიმედ იმოქმედებდა იმის გაგონება, რომ დიახ, მიშა დღესაც არის “ნაციონალური მოძრაობის” ფორმალური და რეალური ლიდერი. ის დღესაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა, მასთან რეგულარული კონსულტაციები გვაქვს და მასთან ერთად ვგეგმავთ პარტიის საქმიანობას მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურ დევნილობაშია უკრაინაში. ის დღეს საქართველოში არ არის იმიტომ, რომ დაჭერის რეალური საფრთხის გათვალისწინებით მისმა გუნდმა გადაწყვიტა ასე და არა მან თვითონ (ამ დეტალზე ოდესმე ვრცელ მოგონებასაც დავწერ). სიმართლეა ის, რომ დღეს ის უფრო რეალურად ხედავს იმ საფრთხეებს, რასაც ივანიშვილის დიქტატურა უქადის ქვეყანას, ვიდრე ბევრი აქ მყოფი.

ხოლო, ვისაც ესმის იმ 9 წლის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ვინც პირად გრძნობებზე მაღლა აყენებს ქვეყნის ინტერესს, ისიც უნდა ესმოდეს, რომ ის 9 წელი არ იქნებოდა მიშას გარეშე. უნდა ესმოდეს ისიც, რომ დღეს მიშას ლანძღვით, მიშასგან გამიჯვნით ასრულებენ ივანიშვილის და კრემლის ყველაზე სანუკვარ ოცნებას. თავად განსაჯეთ ეს ჩვენი ქვეყნისთვის და საერთო საქმისთვის კარგია, თუ ცუდი!

კონსტიტუციის, მედიის თავისუფლების, ოპოზიციის და ხალხის ნების ფეხქვეშ გამთელავ უზურპატორ ხელისუფლებას კი მხოლოდ ხალხის ურყევი ნება შეაკავებს. ბარიკადები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა ფორმები ერთადერთი ბრძოლის იარაღია ხალხის ხელში დიქტატურის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში.”– წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.