“ჩრდილოელ მეზობელთან კონსტრუქციული მიდგომის წყალობით სტაბილურობას მივაღწიეთ”

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

პრემიერი ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო, რომელზეც ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მათ ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების დღის წესრიგი გააცნო.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო რამდენიმე წელი ძალიან წარმატებული იყო საქართველოსთვის – ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ჩატარდა ასოცირების საბჭოს სხდომები ევროკომისიასთან ერთად, გრძელდება ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელება.

„ჩვენი მიზანია საქართველოს განვითარება და მისი ევროპულ ქვეყანად ჩამოყალიბება, რომელსაც აქვს ევროპული კანონები და რეგულაციები, ნაკლები ბიუროკრატია, მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა, დაბალი ფასები ენერგორესურსებზე და, რასაკვირველია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირთან. ახლახან ჩვენ დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთთან. იმედია, წლის ბოლომდე მივაღწევთ წარმატებას ამ მხრივ. ყოველივე ზემოთქმულის წყალობით, საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა რეგიონში. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესასხმელად. ჩვენ ასევე ვუახლოებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ნატო-ს სტანდარტებს, ვმონაწილეობთ რა მის სამშვიდობო მისიებში და მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტს, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატო-ს. ჩრდილოელ მეზობელთან კონსტრუქციული მიდგომის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობას, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო დავუახლოვდეთ ევროპასა და ნატო-ს“,– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა ვილიამსონმა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

Comments
Loading...