ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმაზე, რომ შემოვიღოთ ახალი, თანამედროვე ევროპული დონის სტუდენტური ბაზა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უნივერსიტეტის ბიუჯეტსა და 2017 წლის გეგმებზე ისაუბრა.
„ბიუჯეტი არის 79 მილიონი ლარი. 30%-ით შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები, მივლინების ხარჯები – 26%-ით და ა. შ. ბევრი მტკივნეული რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი შემცირების გაკეთება მოგვიწევს. იმიტომ, რომ ბიუჯეტი თავის ხასიათით დეფიციტურია. გარდამავალი ნაშთი, რომელიც ყოველთვის გვქონდა, წელს ნაკლებად გვაქვს, ბიუჯეტი ძალიან პრობლემატური და კრიზისულია. კრიზისულ ბიუჯეტს სჭირდება კრიზისული მართვა, რაც გულისხმობს ზოგადად არაპოპულარულ ნაბიჯებს, მაგრამ აუცილებელს.
სტუდენტების მხრიდან გადაუხდელი თანხები უნივერსიტეტის ბიუჯეტში 3 მილიონს შეადგენს. ეს არის ძალიან დიდი თანხა, უნივერსიტეტში ამ თანხით შეიძლება ერთი სასწავლო კორპუსის მთლიანად რეაბილიტაცია მოხერხდეს, ბიუჯეტის სტრუქტურა არის მძიმე, დაახლოებით 80% არის სახელფასო ფონდები, ანუ ხელფასის ანაზღაურება და კომუნალური ხარჯები, 20% რჩება ყველაფერი დანარჩენისთვის ინფრასტრუქტურის ჩათვლით, განვითარების ჩათვლით, უამრავი რამის ჩათვლით, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის აუცილებელია. ეს არ არის მაინცდამაინც ნორმალური სიტუაცია, თუმცა გვესმის, რომ გამოსასწორებელია და ვიცით, როგორ უნდა გამოვასწოროთ“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
რექტორის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სტუდენტურ ბაზებთან დაკავშირებით, შედეგად კი ეს საკითხები გასწორდა.
„სტუდენტური ბაზების საკითხი, რომელიც იყო ჩვენი წუხილის საგანი, გასწორდა, საჭირო არის, რომ პილოტირება მოხდეს ახალი ბაზების, რომლებიც უკვე დაიწყო ბაკალავრიატის დონეზე. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმაზე, რომ შემოვიღოთ ახალი, თანამედროვე ევროპული დონის სტუდენტური ბაზა. ეს არ იქნება მხოლოდ სტუდენტური ბაზა, ეს იქნება საერთო ბაზა მთელი უნივერსიტეტისთვის. დაწყებულია მოლაპარაკებები, არსებობს ადაპტირებული ვერსია და ვიმედოვნებთ, წლის ბოლომდე მოვახერხებთ ბაზის გაშვებას. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ხილვადი გახდეს ბევრი რამ. მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბიუროკრატია და ტრანსფარენტული გარემო შეიქმნება“, – განაცხადა შარვაშიძემ.
წყარო : guardian.ge