CNN-ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და გაყინულ კონფლიქტს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის

ტელეკომპანია CNN-ი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მცოცავი საზღვრის პრობლემასა და გაყინულ კონფლიქტს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის.

სიუჟეტის მთავარი გმირი 82 წლის დათო ვანიშვილია, რომელიც საკუთარ კარ-მიდამოში გავლებული მავთულხლართების შედეგად ტყვეობაში ცხოვრობს.

ჟურნალისტის შეფასებით, ის არის სახე და მსხვერპლი გაყინული კონფლიქტისა, რომელსაც ზოგიერთი მცოცავ საზღვარს, საქართველო კი ოკუპაციის ხაზს უწოდებს.

სიუჟეტის კიდევ ერთი გმირი მერაბ მექარიშვილია, რომელსაც მშობლიურ სახლსა და მიწას შორის არჩევანის გაკეთება მოუწია. დვანში მდებარე მისი სახლი 2008 წელს დაიბომბა, თუმცა მან დარჩენა და იქ ცხოვრება გადაწყვიტა. რუსებმა სწორედ ის გზა გადაღობეს, რომელიც მერაბ მექარიშილის მამის მიერ აშენებულ სახლთან მიდიოდა, შედეგად მისი მიწა საზღვრის მიღმა დარჩა, რადგან მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა არ ისურვა.

CNN-ის კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია პატრულირებს ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთთან, რომელიც მათივე განცხადებით, ყოველწლიურად წინ მოიწევს და სოფლებს შთანთქავს.

სიუჟეტზე მუშაობისას ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და კრემლის წარმომადგენლებთან დაკავშირებასაც შეეცადნენ, თუმცა არცერთ მათგანს კომენტარი საკითხზე არ გაუკეთებია.

1tv.ge

Comments
Loading...