“…და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ცოდვის ჩამოთვლა შეიძლება!!!

ორგანიზაცია „მწვანე მუშტის” დამფუძნებელი ლევან ლორთქიფანიძე „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მართვის საფუძვლებსა და 9 წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს მიმოიხილავს.

როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, წინა ხელისუფლების დროს მართლაც თითქმის ყველანაირი სტანდარტი ირღვეოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა საზოგადოებამ „ნაკლები ბოროტება” უნდა მოიწონოს.

„საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ციხეში გამოკეტვა, ასიათასობით ადამიანის პრობაციონერად გადაქცევა, მოქალაქეთა წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა; საკუთარი კლანის წევრებზე ჩალის ფასად გაყიდული ათობით სკოლა, საავადმყოფო, კვლევითი ინსტიტუტი; ეკონომიკის ყველა სფეროში საკუთარი დაჯგუფების აქტივისტთა ხელში თავმოყრილი მონოპოლიები; მილიტარისტული და აგრესიული პოლიტიკური რიტორიკის გამო ჩაგდებული სამშვიდობო პროცესი, ასზე მეტ დასახლებულ პუნქტზე დაკარგული კონტროლი, დევნილთა კიდევ ერთი უდიდესი ტალღა, მტრისთვის ჩაბარებული დალისა და ქსნის ხეობები. საბაზრო წესებზე მოწყობილი განათლებისა და მეცნიერების სისტემა, ძვირი და უხარისხო სასწავლო პროცესით; დახურული ტელევიზიები, გაზეთები, რადიოსადგურები; ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებული დაჭერილი ჟურნალისტები; მილიონჯერ შეცვლილი კონსტიტუცია, შერჩევითი სამართალი და ერთი პარტიის ტოტალური მმართველობა მთავრობაშიც, პარლამენტშიც, ადგილობრივ თვითმმართველობაშიც და სასამართლოშიც; ჯანმრთელობის დაზღვევის უნივერსალური სისტემის არარსებობა, მასობრივი უმუშევრობა, სიღარიბე და შრომითი მიგრაცია; გაუქმებული შრომის ინსპექცია და შრომის კოდექსი; სამუშაო ადგილზე დაღუპული არაადექვატური ანაზღაურების მქონე ასობით დასაქმებული; არაპროფილურ ბიზნესში უზომოდ გაძლიერებული დაურეგულირებელი ბანკები; ადგილობრივი ბაზრიდან ადგილობრივი წარმოების დარგების განდევნა ტრანსნაციონალური გიგანტების ინტერესების მხარდასაჭერას …. და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ცოდვის ჩამოთვლა შეიძლება!!!
ჩვენ არაფერი გვავიწყდება, მაგრამ ამგვარი წარსული არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი “ნაკლები ბოროტება” მოვიწონოთ. ჩვენ ახალ და მაღალ სტანდარტებს ვაწესებთ, რომელთაც თქვენ ვერ აკმაყოფილებთ. ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ კლასზე გაცილებით წინ ვართ. თქვენ ჩვენ ძალიან ჩამოგვრჩებით !!!”
– აღნიშნავს ლორთქიფანიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.