“დააბრუნოს ივანიშვილმა ის ხელისუფლება, რომელიც მასზე წინ იყო და ჩვენ მის გარეშე შევებრძოლებით”

ამ ადამიანის შეფასება არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება. დღეს ერთს ამბობს და ხვალ მეორეს იტყვის. ბიძინა ივანიშვილს გულსა და თავში რა აქვს, მე ნუ მკითხავთ. ჩვენ რას გვერჩის, ვერ გავიგე”, – ამის შესახებ “რეზონანსს” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “რესპუბლიკურ” პარტიასა და მის ლიდერ დავით უსუფაშვილზე, რეგიონულ ჟურნალისტებთან კიდევ ერთი შეხვედრის დროს, ამჯერად ამბროლაურში ისაუბრა.

როგორც ლევან ბერძენიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პარტიაში ივანიშვილის განცხადებებზე არ მსჯელობენ, რადგან “რესპუბლიკელებს” იმისთვის არ სცალიათ, რომ ივანიშვილის გამო ყრილობა მოიწვიონ.

ლევან ბერძენიშვილი: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები პროვოკაციულიც არ არის, მე მგონი, ეს უბრალოდ სიცრუის ტირაჟირებაა. რაც ჩვენთან მიმართებაში მისი მხრიდან ითქვა, ამბსოლუტურად ყველა ნათქვამი “რესპუბლიკელებსა” თუ დავით უსუფაშვილზე ტყუილი იყო. ამ მხრივ ცვლილება არ არის და ივანიშვილი გამუდმებით იგივეს იმეორებს.

იგი უარყოფს იმას, რაც იყო და ამბობს იმას, რაც არ ყოფილა, გვაბრალებს იმას, რაც არ გვიქნია, არ გვიხსენებს იმას, რაც გაგვიკეთებია და ა.შ. ანუ, ეს ყველაფერი ჩვენთან მიმართებაში აბსოლუტური სიცრუეა. რაში სჭირდება მას ეს ვერ გეტყვით. თვითონვე ამბობს, ამაზე არ უნდა ვსაუბრობდეო, მაგრამ ივანიშვილმა მაინც მოიცალა და გველაპარაკება.

“რეზონანსი”: ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი…

ლ.ბ.: რას ჰქვია უფრო ძლიერი? ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, რომელიც არაფრით არ დასტურდება. ამაზე რას უნდა ვფიქრობდე? ეს ისეთივე სისულელეა, რომლის კომენტირებაც ძნელია, იმიტომ, რომ ცხოვრებამ გვაჩვენა, ვინ როგორი პოლიტიკოსია.

უსუფაშვილი იყო და არის პოლიტიკაში, ღარიბაშვილი კი წავიდა პოლიტიკიდან. შეიძლება ოდესმე დაბრუნდეს და თავისი ძალა კიდევ გვაჩვენოს. ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრობიდან გააგდო. თუ ასეთი ძლიერი იყო, რას ერჩოდა? ყოფილიყო, რას აშავებდა?

ივანიშვილის პრობლემა ისაა, რომ, მისი აზრით, უსუფაშვილი საერთოდ არაა პოლიტიკოსი. ერთი ვიცი, რომ დავით უსუფაშვილი სამაგალითო პოლიტიკოსი და პიროვნებაა, ხოლო ღარიბაშვილი – სამარცხვინო პოლიტიკოსი და პიროვნება.

აქაც ძალიან კარგად ჩანს მისი არა მარტო ტენდენციურობა, არამედ ის, რომ უბრალოდ ტყუის. ვერ იტანდა ღარიბაშვილს და მან მოხსნა. იმას მაინც ნუ ამახსნევინებთ, რომ მე არ მომიხსნია. ჩვენ ღარიბაშვილი თავიდანვე არ მოგვწონდა, რადგან ვნახეთ, რა ზრდილობისა და წერა-კითხვის პატრონიც იყო. არჩევნდებამდე გაირკვა, ის ვინ ბრძანდებოდა და რასაც წარომადგენდა.

“რ”: ივანიშვილმა უარყო, რომ პრემიერის თანამდებობაზე კვირიკაშვილის კანდიდატურა მას დავით უსუფაშვილმა ურჩია…

ლ.ბ.: ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად უსუფაშვილმა ურჩია. პარტიაში რამდენიმე კაცმა ვიცოდით ამ თემაზე რა ტიპის საუბრები მიმდინარეობდა. მე პირადად ამ საუბრებს არ ვესწრებოდი, მაგრამ ამბავი მოდიოდა პარტიაში და რა ამბავიც მოვიდა, იქიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ დიახ, ასეთი ინფორმაცია ჩვენ გვქონდა. ივანიშვილს კვირიკაშვილის კანდიდატურა უსუფაშვილმა შესთავაზა. ასე რომ, ამაში არაფერი საიდუმლო არ არის. უბრალოდ, რატომ უარყოფს  არ ვიცი.

ის თავისას ამბობს, მე – ჩემსას. ვინაა ჩვენ შორის მართალი  ამის გაგება ძნელია. მე შემიძლია დედა დავიფიცო, ბიძინას შეუძლია მილიარდები დაიფიცოს. რომელს დაგვიჯერებთ, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მახსოვს ეს ამბავი. მან ისიც თქვა – ჩოჩელი ენუქიძეში შემეშალაო, შემდეგ რუსთაველი – ბარათაშვილში შეეშალა და უსუფაშვილი – ღარიბაშვილში.

“რ”: თქვენი აზრით, რა არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დავით უსუფაშვილისა და ზოგადად “რესპუბლიკელების” კრიტიკის მთავარი მიზეზი?

ლ.ბ.: არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ივანიშვილი ამ ქვეყნის ლიდერი არ არის. უსუფაშვილისგან რა უნდა? რას ერჩის? რას ემართლება? მე ეს არ ვიცი.

ივანიშვილი არც ერთ პოლიტიკურ პროცესთან არანაირად არაა დაკავშირებული და ჩვეულებრივი მოქალაქეა. მისი ყველა განცხადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩემი, თქვენი და ნებისმიერი სხვა მოქალაქის, არც მეტი, არც ნაკლები.

ამ ადამიანის შეფასება არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება. დღეს ერთს ამბობს და ხვალ მეორეს იტყვის. ბიძინა ივანიშვილს გულსა და თავში რა აქვს, მე ნუ მკითხავთ.

ჩვენ რას გვერჩის, ვერ გავიგე. მილიარდერის პარტიას უფულოდ ვებრძვით, კაპიკი ფული არ გვაქვს და კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ. ეს სირცხვილია. ივანიშვილმა ის ვერ გააარკვია, კვირიკაშვილი ჯობია, თუ ღარიბაშვილი. ეტყობა კვირიკაშვილმაც დაუშავა რაღაც, რადგან ბოლო ხანებში ღარიბაშვილის ქება დაიწყო.

“რ”: მის განცხადებებთან დაკავშირებით პარტიაში რას ფიქრობენ?

ლ.ბ.: პარტიაში ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. პარტიას იმისთვის არ სცალია, რომ ივანიშვილის გამო ყრილობა მოიწვიოს. მე შემიძლია ჩემი პირადი აზრი გითხრათ: ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკური პარტიის ეშინია. რატომ ეშინია არ ვიცი. ის კვირაში ორჯერ მამალ ტყუილს ამბობს “რესპუბლიკურ” პარტიასა და უსუფაშვილზე.

ბიძინა ივანიშვილის ტყუილებით საქართველო შორს ვერ წავა. გასაგებია, რომ “რესპუბლიკელები” ძალიან ბევრს ვაშავებთ. თუ ჩვენი პარტია უმნიშვნელო და ურეიტინგოა, მასზე ამდენი საუბარი რა საჭიროა? საქმე იმაშია, რომ ეს პარტია მნიშვნელოვანია. მას რეიტინგი და გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ხოლო ივანიშვილს იმხელა გავლენა აღარ აქვს, რამხელაც მას უნდა რომ ჰქონდეს.

ივანიშვილმა ცოტა სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. კაცი ლამის ღმერთად ჰყავდათ გამოცხადებული და ახლა სოფლის ჭორების დონეზე დაეშვა.

მის დამსახურებებს არ ვივიწყებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავი და ბოლო. თუ ძალიან შეგვაწუხებს, შევახსენებთ, რომ დააბრუნოს ის ხელისუფლება, რომელიც მასზე წინ იყო და ჩვენ მის გარეშე შევებრძოლებით.

Comments
Loading...