დაავადებები, რომელთაც მამა გაბრიელი კურნავს!

ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას 106 437 წმინდანი ჰყავს. მათ რიცხვში შედის 100 000 წმინდანი (1227 წელს სიონის ხიდზე ჯალალედინის ბრძანებით თავები წარკვეთეს), 300 ლაზი მოწამე (XVII-XVIII ს. მუსულმანებმა წამებით მოკლეს), 6 000 გარეჯელი ბერი (1615 წელს შაჰ-აბასის ბრძანებით, წამებით ამოხოცეს), 7 გარეჯელი ბერი (1871 წელს გარეჯის დავითის ლავრას ლეკების რაზმი დაესხა და ბერები წამებით მოკლეს). დანარჩენი მღვდელმსახურები და საერო პირები ერის წინაშე დიდი ღვაწლის გამო წმინდანთა რანგში იქნენ შერაცხულნი. 2012 წელს, ქართველ წმინდანთა პანთეონს შეემატა წმ. ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი-სალოსი. იგი 1995 წლის 2 ნოემბერს, 66 წლის ასაკში აღესრულა, თუმცა კარგა ხნით ადრე დაასახელა თავისი გარდაცვალების თარიღი და დატოვა ანდერძი:

«უწმინდესისა და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისაგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს, ყველას, გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობას, პატიებას.

ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღვთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება.

უკუბოდ, მანტიით დამმარხონ.

იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენმა უფალმან. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს, მართლმადიდებელი ერისა და ყველა დაბადებული ადამიანისა.

მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა.

არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს, მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური.

ყველას გთხოვთ, მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემს საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი.

ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია!»

როცა მამა გაბრიელი მიწას მიაბარეს, მის საფლავზე წმინდა სვეტი დაშვებულა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ბერს წმინდანად შერაცხავდნენ და ასეც მოხდა. ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებითაა ცნობილი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

მამა გაბრიელის სასწაულები

წმინდანის საფლავზე უამრავი ადამიანი მიდიოდა და სასწაულებრივად იკურნებოდა. საოცარი კურნებით ხშირად ექიმებიც გაოცებულნი იყვნენ, რადგან მათი დიაგნოზი ავადმყოფის გადარჩენას გამორიცხავდა.

«ჩვენი შვილი, ტატო ჰიდროცეფალიითაა დაავადებული, – იხსენებს მამა, გოგიტა მურცხვალაძე, – სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში გამუდმებით ტიროდა. ექიმები მუცელსა და ყურზე მკურნალობდნენ მაშინ, როცა ორგანიზმში თავის ქალის გახსნის პროცესი მიმდინარეობდა. ტატოს პირველი ოპერაცია 4 თვისას გაუკეთეს – თავის ქალიდან ხერხემლამდე ხელოვნური ორგანიზმი ჩაუდგეს, მაგრამ აქაც არ გაუმართლა პატარას: მოხდა ქირურგიული შეცდომა და ხელოვნური ორგანიზმი, მარჯვენის ნაცვლად, მარცხენა მხარეს ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია მესამე დღესვე გახდა საჭირო. სულ ხუთი ოპერაცია გაუკეთეს და 4-ჯერ ხერხემლიდან სითხე აუღეს. ბავშვს არათუ სიარული, ხოხვაც კი უჭირდა და მხოლოდ ეტლით დაგვყავდა. ტატოს თავში წარმოქმნილმა კისტამ კატასტროფულად დაიწყო ზრდა და ამან ეპილეფსია გამოიწვია. გავიგეთ, რომ მამა გაბრიელის საფლავზე საოცარი კურნებები ხდებოდა და მე და ჩემმა მეუღლემ ვირწმუნეთ. როცა მცხეთაში ჩავედით, ტატოს მოუსვენრობა დაეტყო, ინვალიდის ეტლში ვეღარ ჩერდებოდა, საფლავთან მიახლოებას ითხოვდა. ჩამოვსვით ეტლიდან და ტატო, პირველად მის ცხოვრებაში, დამოუკიდებლად, ხოხვით საფლავს მიუახლოვდა და შუბლით ემთხვია. ეს იყო პირველი სასწაული. დავბრუნდით სახლში და ტატომ ფეხი აიდგა. ეს იყო ნამდვილი დიდი სასწაული. საფლავიდან წამოღებულ ზეთს ყოველ დილა-საღამოს ვცხებდით ჯვრის ფორმით. ტატოს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლებოდა და ისწავლა კოცნა, მოფერება».

***

«სამი წლის წინ, ჩემს ძმას, თავში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, რომელიც ბოლო სტადიაში იყო გადასული. მხედველობა დაკარგული ჰქონდა ორივე თვალში და გონებაც დაქვეითებული. წავიღეთ მამა გაბრიელის ზეთი, თავზე ვუსვამდით და ძლიერი ტკივილები მომენტალურად უჩერდებოდა. როდესაც ექიმებმა ხელმეორედ გასინჯეს, სიმსივნე აღარ ჰქონდა. დღეს ჩემი ძმა ჯანმრთელად არის», – იხსენებს გულნარა აღნიაშვილი.

***

«ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. გადავიღე ექოსკოპია და აღმოჩნდა, რომ ბავშვს მუცლის არეში კისტური წარმონაქმნი ჰქონდა. ექიმის რჩევით, აუცილებელი იყო აბორტი, მაგრამ უარი ვთქვი. დავიწყე მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და ზეთის ცხება. გამიჩნდა უჯანმრთელესი ბავშვი», – ამბობს მარინა კვიციანი.

***

«ჩემს მეგობარს შვილი საზღვარგარეთ ჰყავდა. თვითონ ძალიან მორწმუნე იყო და ეკლესიაში დადიოდა. იყიდა მამა გაბრიელის სურათი, სახლის შემოსასვლელში დაკიდა და ხშირად ავედრებდა შვილს მამა გაბრიელს. როდესაც მისი შვილი, მანქანით, საქართველოში ჩამოვიდა, სახლში შესვლისთანავე მამა გაბრიელის სურათი დაინახა და გაკვირვებულმა დედას ჰკითხა, ეს ვისი სურათია? ეს კაცი მთელი გზა, ძილი რომ არ მომრეოდა, მაფხიზლებდა და მამხნევებდაო», – იხსენებს ქეთევან გაბრიელაძე.

***

მამა გაბრიელის სასწაულებზე ბევრი თქმულა და კრებულის სახითაც გამოვიდა. იგი საოცარ მადლს და დიდ სიყვარულს აფრქვევდა სიცოცხლეში. სიკვდილის შემდეგ კი, ცოცხალთათვის სასწაულად გადაიქცა. როგორც თავად მამა გაბრიელი ამბობდა, ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.

Leave A Reply

Your email address will not be published.