დაიბადები ერთხელ, ისიც საქართველოში და ისიც ქალად..

ბლოგერი თამუნა კანკავა საკუთარ ბლოგზე პუბლიკაციას აქვეყნებს, სათაურით – “დაიბადები ერთხელ, ისიც საქართველოში და ისიც ქალად..”

მიხვდა რა მარიამი, რომ ბუდაპეშტის სასტუმროს მე-2 სართულამდე თავის ჩემოდანს ვერ აათრევდა, ადგა და დახმარებისთვის დავითს მიმართა. რაზეც დავითმა, თავისი ახალი შვედური იმიჯის გავლენის გამო, სარკასტულად მიუგო მე რომ ეხლა დაგეხმარო ნიშნავს თანასწორები არ ვართ და შენ ჩემზე სუსტი ხარო, რაც სიმართლეს არ შეესაბამებაო. ხოდა მარიამი, მე თუ შენ ეს ბოროტი ხუმრობა შეგარჩინო სახით, გაბრაზბულ გულზე ადგა და მართლაც აიტანა ჩემოდანი …სულ თავისით.

კარგად მახსოვს პირველი კურსის პირველ სემესტრში რომის სამართალს რომ გადვდიოდით, ერთ-ერთ ლექციაზე, ენაკვიმატმა ბატონმა, ნუგზარ სურგულაძემ, სტუდენტ გოგონებს შემდეგი ტექსტით მოგვართა „გილოცავთ ქალებო თქვენ მხოლოდ ერთი-ორი საუკუნეა რაც თავისუფლები ხართ“. ვართ კი ???
ეს მომენტი კიდევ ერთხელ რამდენიმე დღის წინ გამახსედა, როდესაც კლიმტის ნახატს „ქალების სამი ასაკი“ ვუყურებდი. სიმართლე რომ ვთქვა, ნახატზე უფრო ყურადღება მუზეუმში მის თავზე გაკეთებულა წარწერამ მიიპყრო. 1899 წელს ნათქვამი ჭეშმარიტება, რომელიც 2 ხაზზე ძლივს ეტეოდა, ამბობდა შემდეგს „ჩვენი დედები, რომლებიც ჩამოშორებულნი არიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებას და ხშირ შემთხვევაში არ მიუწვდებათ ხელი უმაღლეს განათლებაზე, არიან დაბადებიდან მონები“.

ვიცი საქართველო ქალთა უფლებების საკითხში სულაც არ დგას ბოლო ადგილზე, რომ ირანი, საუნდის არაბეთი თუ ერაყი დიდის ალბათობით ჩვენზე ბევრად უკან არიან, მაგრამ მაინც….

ამბავი 1

5 წელი უყვარდა ერთ ბიჭს, 5 წელი ათენებდა და აღამებდა მისი სახლის წინ. ყვავილები, სუნამოები, შოკოლადები, საჩუქრებს ბოლო არ უჩანდა. თვითონ უყვარდა? ალბათ, უფრო პატივს სცემდა ვიდრე უყვარდა, მაგრამ სიყვარულიც მალე მოვიდოდა. თან დედ-მამას ძალიან მოსწონდათ ბიჭი, განათლებული, სუფთა წარსულითა და სუფთა პიჯაკით, დედამ ამაზე კარგ ბიჭს ვეღარსად ვეღარ შეხვდებიო, გოგოს ოდნავ დაწუწუნებაზე კი მაგრამ ეგრე ნამდვილად არ მიყვარსო, დედა სულ იმას პასუხობდა სად იყო სიყვარული მე რომ მამაშენს გავყევიო, თან უკვე ასაკში შედიხარ პატრონი გჭირდება მე და მამაშენი რომ არ ვიქნებით ამ ქვეყნადო. რაში სჭირდებოდა 28 წლის განათლებულ და ეკონომიკურად, ავად თუ კარგად, დამოუკიდებელ ქალს პატრონი ეს ვერც გოგოს გაეგო, მაგრამ ძნელია მშობელს არ დაეთანხმო. როცა ასაკმა მოუწია, აი იმ ასაკმა მეგობრებიან-მეზობლებიანად ყველა რომ გეკითხებია რას შვები არ თხოვდებიო? გოგოც ადგა და გათხოვდა. საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ, მშობლებმა ბავშვებს პირადი სივრცე სჭირდებათო. პირველი იმაზე „გაუჭედა“ სამსახურიდან კორპორატიულ წვეულებაზე წასვლა, რომ დააპირა..
-შეუშვი გოგო ერთხელ და სამუდამოდ მაგ თავში, რომ არ მევასება მთვრალ კაცებთან ერთად რომ დადიხარ, ცეკვავ და ერთ ამბავში ხარ.
კორპორატიულ საღამოზე არ წასულა, ის კი არა და სამსახურსაც თავი დაანება, ბიჭი უფროსსზე ეჭვიანობდა. 2 წელია ცოლ-ქმარი არიან და ურთიერთობაში ბზარი გაქრობის ნაცვლად უფრო ღრმავდება.
-რით ვერ ისწავლე, რომ არ მიყვარს ამ ლობიოს ქონდარს რომ უშვები, რთულია?
ან/და
-არ დამიწყო ეხლა სერიალები და ამბები ფეხბურთი იწყება უნდა ვუყურო
-არ მევასება ამ სალომესთან ერთდ რომ დადიხარ, ძაან არ მომწონს ქმარს გაშორებული მარტო ცხოვრობს რაღაცას ფემინისტობს, ვერ ხვდები რომ შენზე ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს?
შვილი არ უჩნდებოდათ. დედამთილმა მოდი ექიმთან მივიდეთ ალბათ ახალგაზრდობაში რომ გაცივდი მაგის გამო გაქვს პრობლემებიო. ხოდა დადიოდა გოგო ერთი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგიდან მეორესთან, ქეთინომ ურჩია – ქეთინო ქვედა მეზობლის ამირანის ცოლია- ამასთან მიდი ჩემი მული თავის 3 შვილს სწორედ მას უნდა უმადლოდესო. მივიდა. ჯანმრთელია. რეპროდუქტოლოგმა ბიჭიც მოსულიყო მასაც ვნახავდიო, რაზეც დედამთილმა, რომელიც გოგოს ექიმებთან ყოფნის პერიოდში გვერდიდან არ მოშორებია და ბიჭის ნაცვლად სულ თუ თან დაჰყვებოდა, კატეგორიული უარი განაცხდა ჩემს შვილს ეგეთი რაღაც ნამდვილად არ დაემართებაო. დედამთილმავე გაარკვია, რომ ეს ზოგჯერ ასე ხდება, სავარაუდოდ აღგზნებადობის პრობლემააო, ამიტომაც გოგოს წითელ საღამური აჩუქა წარწერით გივიკოს მოეწონებაო. ვერც ამან უშველა… ბიჭის პერანგზე პირველად ტუჩსაცხი მაშინ შეამჩნია, როდესაც გივიკო მივლინებით ბათუმში იმყოფებოდა. მიხვდა საყვარელი ჰყავს, მაგრამ ერთი გაგულავების გამო ოჯახს ხომ არ დაანგრევს, გული მაინც გოგოს ეკუთვნის… ხელოვნული განაყოფიერების გაკეთება უნდოდა, აპაპაპაა ეგ როგორ შეიძლება ეგ არარელიგიური არისო და დარჩა ისე. ბოლოს მაშინ იჩხუბეს გივიკო სახლში მთვრალი რომ მოვიდა, ისევ სხვისი სუნამოთი გაჟღენთილი, გოგომ იტირა, იყვირა, ბიჭმა შენ რა ქალი ხარ შვილი ვერ გაგიჩენია ამდენს რატო ბედავო და დაარტყა. დედამ და დედამთილმა ოჯახი უნდა შეინარჩუნო და უნდა მოითმინოვო. მოძღვარმაც იგივე ურჩია, ოჯახის ასე მარტივად დანგრევა არ შეიძლებაო. სალომემ გაშორდიო… არ გაშორდა.

ამბავი 2

სკოლის დამთავრებისთანავე შექმენს ოჯახი. გოგო ბიჭზე ჭკუას ჰკარგავდა, ბიჭსაც უყვარდა გოგო, მაგრამ გოგოზე უფრო ბირჟა და ძმაკაცები. გაიპარნენ, ძმაკაცის აგარაკზე აიყვანა, გოგოს მშობლებმა ეს რომ გაიგეს ერთი ამბავი დააწიეს, მაგრამ მოსახდენი უკვე მოხდა და რაღას იზამდნენ. ქორწილი გრანდიოზული ჰქონდათ, მშობლებმა ბანკიდან სესხი გამოიტანეს, ყველა ნათესავი დაპატიჟეს უკლევბლივ- სულ 500 კაცი. ერთმანეთის გვერდით დგანან აწ უკვე ცოლ-ქმარი, ფოტოგრაფის ფრაზაზე გაიღიმეთ და ერთმანეთს აკოცეთო, ბიჭი გოგოს ლოყაზე ნაზად ეამბორება- არ უყვარს ეს სახალხოდ გრძნობების გამოხატვა და რა ქნას. ეხლა საერთო ფოტოს ჯერია მეჯვარეებთან ერთად, ბიჭმა ერთი მხრიდან ხელი გოგოს გადახვია მეორე მხრიდან ძმაკაცს.
არა არ გეგონოთ, რომ გოგო არ უყვარს, რა სისულელეა, მის გამო ჰყავს ნაცემი ლამის მთელი უბანი, მაგრამ ძმაკაცების თხოვნაზე წამო გავიგულავოთ ან/და რა იყო შე ჩემა ცოლმა შეგაშინა ფრაზას უპასუხოდ ხომ არ დატოვებს, ამიტომაც ხანდახან ნაშებში დადის ხოლმე.
გოგო რა თქმა უნდა არ მუშაობს, ოჯახს უვლის და სწავლობს რა როგორ გააკეთოს, საჭმელი მარილითა და წიწაკით ბიჭის გემოვნების მიხედვით როგორ უნდა შეაზავოს. დაორსულდა. პირველი ბიჭი უნდათ, გვარის გამგრძელებელი. მამის, უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, მამამთილის სახელს არქმევენ „გერასიმე“. სამშობიაროში ბერვი ხალხია, მშობლები, მეჯვარეები, ახლობლები. ბიჭი საძმაკაცოსთან ერთად გარეთ დგას, შამპანიურით დაიწყეს, იქვე სახელდახელოდ სუფრაც კი გაშალეს. გოგოს ტელეფონით ელაპარაკება ხოლმე „რაო რამდენ თითზე გაქვს გახსნილი, ორი ? სამი?“. დაიბადა პატარა გერასიმე. ბიჭი საძმაკაცოსთან ერთად რესტორანში წავიდა აღსანიშნავად. გოგო მარტო იყო არა მხოლოდ იმ დღეს, არამედ შემდგომ პერიოდშიც. მარტო ზრდიდა ბავშვს, მარტო აჭმევდა, ასეირნებდა და უთენებდა ღამეებს. ბიჭსაც დაჰყავდა ბავშვი პარკში, ხანდახან, შემდეგ უფრო იშვიათად, მუშაობს და რა ქნას. დაბადების დღეებზე და ქორწილებში იშვიათად დადის ოჯახს მოეკიდა, ბიჭს არ სცალია და აბა დაქალის დაბადების დღეზე მარტო ხომ არ წავა?. გოგომ თავისი დაბადების დღე სახლში გადაიხადა, სახლში რა სამზარეულოში, თვითონ თავის დაქალებთან ერთად სამზარეულოში ტრიალებდა, ქმრებს ზალაში სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ყანწით სვამდნენ იუბილარის სადღეგრძელოს. ბავშვი გაიზარდა, გამოიცვალა ჯერ ბაღი შემდეგ სკოლა. სკოლის ანკეტის შევსებისას, დედ-მამის საუშაოს გასწვრივ გერასიმემ თავისი ბოტოტა თითებით ჩაჯღაპნა, მამა- მშენებელი, დედა – დიასახლისი. კარგად არ სწავლობს, უჭირს, მათემატიკას 6-ზე ძლივს აბარებს. სახლში დედა ეჯდა ხოლმე რეპეტიტორად ასე მე-4 კლასამდე, მაგრამ შემდეგ მოსამზადებლად მასწავლებელან მიიყვანეს. ბიჭი დააწინაურეს და უკვე მენეჯერია, სახლიდან ადრე გადის და გვიან ბრუნდება, გოგოს ტუჩზე იშვიათად კოცნის, უფრო ლოყაზე, შუბლზე, მერე საბოლოოდ ესეც ქრება და მხოლოდ ხელს უწევს მისალმების ან დამშვიდობების ნიშნად, ერთადაც აღარ „სძინავთ“. გერასიმე წელს აბარებს, თბილისში აბა სადმე სხვაგან ხომ არ ისწავლის მათი შვილი?უმაღლესი განათლება აუცილებელია. ვერ მოხვდა, ქულები არ ეყო,
-ესაა შენი გაზრდილი შვილი?
ცოლი მოიყვანა გერასიმემ, 15 წლის ანუკი. კარგი გოგოა ნამეტანი. ერთად ცხოვრობენ ოთხივენი. ოჯახს ბიჭი არჩენს და გოგოს მშობლებიც ეხმარებიან ხოლმე. „დაკარგული კონკია“ ამ სერიალს უყურებს სულ, შუადღისას გადის, საჭმლის კეთებისას ერთობა. გოგო უკვე ოჯახის ბურჯი დადგა, ქმარს მუდამ სახლში ხვდება დალაგებული ოთახითა და გარცხილი ნასკებით. გოგო ანუკის ასწავლის როგორ უნდა მოექცეს გერასიმეს. ანუკიც მალე ის გოგო გახდება და გააჩენს ახალ გერასიმეს. ასე გრძელდება დაუსრულებლად.

ისტორიები არა ერთეულებად, არამედ ათასეულებად ინომრება. ქალები იჩაგრებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, შინ თუ გარეთ. ოჯახური ძალადობა და ფემიციდი, ფეხქვეშ გათელილი უფლებები და თანასწორობა… ვართ თავისუფლები?. რამდენჯერ გავითქვამს უარი იმის კეთებაზე რაც გვინდოდა მხოლოდ იმიტომ რომ ქალები ვართ და ცუდად გაგვიგებენ? ქალები ვართ და უნდა მოვითმინოთ. დღეს საქართველოში ქალებს ცხოვრების წესს საზოგადოება უდგენს. ქალი, რომელიც მოკლებულია გაპიროვნებულობას და რომელსაც არ აქვს თავისი სურვილები, ემოცია, გრძნობები, მიზნები, პირადი ცხოვრება თუ კარიერა სწორედაც, რომ მონაა. თავისუფალი ვერ იქნები თუ ვიღაც სხვა, მეზობელი, მშობელი, შეყვარებული, ქმარი შენი ცხოვრების 99%-ს შენს ნაცვლად გაგმავს და არა იმიტომ რომ შენ არ შეგიძლია, უბრალოდ შენ ქალი ხარ და სუსტ არსებად ითვლები. თუ ზოგჯერ ნათელ წერტილად ძლიერი და წარმატებული ქალი გამოჩნდება მასაც პიროვნულობას ართმევენ ფრაზით- „ყველა ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალია“. თურმე ძლიერი ქალის შემთხვევაშიც კი, ქალი კაცის ატრიბუტია მხოლოდ და მეტი არაფერი. არადა ეს პრობლემაა, არა მხოლოდ ქალებისთვის არამედ კაცებისთვისაც, მთელი საზოგადოებისთვის.
სულ ტყუილად გვილოცავდა ბატონი ნუგზარი,დღეს ჩვენ ისევ მონები ვართ.

Comments
Loading...