დაიცავი შენი ხელმოწერა პარტიული ძალადობისგან

ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

დღეს საქართველოში არსებული საკანონმდებლო გარემო პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) დასარეგისტრირებლად ითვალისწინებს აღნიშნული გაერთიანების წევრთა 1000 პირის ხელმოწერას. თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით დღეისათვის საქართველოში 222 ოფიციალურად რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებაა , მარტივი გათვლებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ რეგისტრაციის პირობებში სხვადასხვა პარტიის წევრთა სია ოფიციალურად 222000 ადამიანია. ერთი შეხედვით შეიძლება ეს ციფრი არც თუ ისე ასტრონომიულია, მაგრამ განვიხილოთ შემდეგი რეალობაც:

პარტიული მუშაობის პროცესში, რეგიონებში არსებულ მოხალისეთა რაოდენობის ზრდა მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ მარტივი მისახვედრია, რომ იმ 1000 კაციან წევრთა ხელმოწერები, რომელიც რეგისტრაციის პირობებში სავალდებულოა, ძირითადად გროვდება დედაქალაქში (ესეც სრულიად დარღვეული ტექნოლოგიებით), სადაც საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა რიცხვი დაახლოვებით 1 მილიონია, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დედაქალაქში ყოველი მეხუთე ადამიანი რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური წევრია. თუ კიდევ უფრო ლოკალური გაგებით ავხსნით შესაძლოა ვივარაუდოთ ისიც, რომ დედაქალაქში ყოველ მეორე ოჯახში მინიმუმ 1 პირი ოფიციალურად ირიცხება ამა თუ იმ პარტიის წევრთა სიაში, რაც, ჩემი აზრით, სრული კატასტროფაა.

ბიზნესისა თუ სხვა სახის სამართლებრივი სტატუსის მქონე პირთა რეგისტრირების მაქსიმალურ გამარტივებას გარკვეული თვალსაზრისით ვემხრობი, რაც თავის მხრივ ეკონომიკური ზრდისა თუ კლებადობის მაჩვენებელზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ დაარეგისტრირო პოლიტიკური პარტია, რომელიც წლების მანძილზე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, არ იზიარებს მრავალი სახის სოციალურ პასუხისმგებლობას და არ სთავაზობს მოსახლეობას ქვეყნის განვითარებისათვის შექმნილ პროგრამებსა თუ პროექტებს, ეს როგორც მინიმუმ ალოგიკურია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სამარცხვინო სტატისტიკაზე, რაც პარტიული მრავალფეროვნების კუთხით გვაქვს. აქვე განვმარტავ, რომ მრავალპარტიულობა დემოკრატიული პროცესების განსავითარებლად საჭირო ელემენტია, თუმცა ვფიქრობ აუცილებელია რეგულაციები, რომლებიც აღნიშნულ პარტიებს, მისი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე დააკისრებს მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას და გახდის ანგარიშვალდებულს რიგ საკითხებში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველი დარეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს სტატისტიკაში ადგილს იკავებს და მოქალაქეების გარკვეული ჯგუფების სახელით იძენენ არსებობის უფლებას. სავსებით ლოგიკურად მიმაჩნია ამგვარი გაერთიანების სამართლებრივი ლიკვიდირება, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების, ისე უმოქმედობის შემთხვავაში. ამ მხრივ დასახვეწი ღონისძიებების დაგეგმვა ვრცელ და საფუძვლიან მუშაობას მოითხოვს, რაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს, სწორედ ამიტომ დროებით აღარაფერს ვამბობ ბიუჯეტიდან, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ხალხის ხარჯზე მიღებულ ფინანსებზე, რიგ პასუხისმგებლობებზე, არაჯანსაღი პოლიტიკური პლატფორმის რეფორმირების აუცილებლობასა და ე.წ. ,,დაბერებულ” პოლიტიკურ სპექტრზე.

Comments
Loading...