დაკარგული ჯარისკაცის დედა ლევან იზორიას: მკვდარი შვილი მანახეთ, მეტი არაფერი მინდა

გონიოში წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურის იაგო შარაძის დედამ უვადო შიმშილობა დაიწყო.

დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაცია გუშინ საღამოს შეწყდა. ახლობლები გამოძიების დაჩქარებას და სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციებით იმუქრებიან.

შარაძის დედას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ტელეფონით დაუკავშირდა.

ელენე მაკრიდისს სატელეფონო საუბრისას მინისტრმა განუცხადა, რომ სამხედროები უკვე დაკარგულად ითვლებიან და ძებნის ოპერაცია არაეფექტური აღმოჩნდა, თუმცა, შარაძის დედამ იზორიას სამძებრო ოპერაციის გაგრძელება მოსთხოვა.

„უნდა მომეხმაროთ, მოიძიოთ, მოიყვანოთ სხვადასხვა სამსახურები, მყვინთავები, მე არაფერს არ გთხოვთ, მკვდარი შვილი მანახეთ, მეტი არაფერი მინდა“, – განუცხადა შარაძის დედამ იზორიას.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედროების საქმეში „გარკვეული დანაშაულის ნიშნები“ იკვეთება. თავდაცვის უწყების ცნობით,  უახლოეს დღეებში მოხდება ფაქტის სამართლებრივი შეფასება.

შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის იაგო შარაძის ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები მიზანმიმართულად გააქრეს.

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.

Comments
Loading...