დაკარგული ჯარისკაცის მამა თავდაცვის სამინისტროს დაუდევრობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს

გონიოში, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში დაკარგული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებენ.

ერთ-ერთი დაკარგული ჯარისკაცის, იაგო შარაშიძის მამის რომან შარაძის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და შემთხვევა უყურადღებობისა და დაუდევრობის ბრალია.

„ეს არის დაუდევრობა, უყურადღებობა. ეს არის, ვინც ინსტრუქტაჟს უწევდა იმის ბრალი, იმის შეცდომის ბრალი. უბრალო შეცდომა და შვილი დამიღუპეს და რა დღეში ჩამაგდეს, გამამწარეს. ჩემმა შვილმა ცურვა იცოდა უმაღლეს დონეზე, პირველი იყო, იმას არაფერი არ შეეშლებოდა. გაიყვანეს სიღრმეში, მიატოვეს უყურადღებოდ – ან ჟანგბადი დაელიათ, ან ბავშვს რაღაცამ უმტყუნა. რომ უმტყუნა იქ არ უნდა ყოფილიყო მაშველი ან უბრალო ნავი?!“ – განაცხადა იაგო შარაძის მამამ.

დაკარგული სამხედროს ოჯახის წევრების თქმით, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ექვსბალიანი შტორმი და ისინი წვრთნაზე არ უნდა გაეშვათ.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და პირველი კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ.

საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლეს და მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია.

Comments
Loading...