დაკავებულებულის დედა – სუს-მა ისლამური სახელმწიფოს დროშები თავად მოიტანა

„სუს-მა ისლამური სახელმწიფოს დროშები თავად მოიტანა“-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული პირების მშობლებმა განაცხადეს. ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან ინტერვიუში ისინი ირწმუნებიან, რომ მათ შვილებს ტერორისტულ დაჯგუფებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ და სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები, იარაღები სახლებში თავად მიიტანა.
“ჩემი შვილი გაიყვანეს მანქანასთან. შემდეგ მეც გამიყვანეს, ჩემი შვილი შემოიყვანეს. ჩემი მეუღლე საწოლში იწვა და არ ააყენეს – არ ადგე, გესვრითო. ჩხრეკა დაიწყეს. დალაგებული ტანსაცმელი გადმოყარეს, ამოიღეს რაღაც დროშა არაბული და თქვეს – შეხედო ამას, იქაურებთან კავშირი ჰქონიაო. ტანსაცმელი მე დავალაგე წუხელ და არანაირი დროშა არ იყო იქ. თან მოიტანეს და ჩადეს”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.
მეორე დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მორწმუნე მუსლიმებთან ერთად დადიოდა სალოცავში, ხოლო ”ისლამურ სახელმწიფოში” წასული ერთ-ერთი პირი, რომელიც ქართველების მიმართ მუქარის შემცველ ვიდეოშიც ჩანს, მისი ძმისშვილია, თუმცა მისი შვილის ტერორისტებთან კავშირს ისიც გამორიცხავს.
“ჰქონდა კავშირი ამ მორწმუნეებთან. სალოცავად დადიოდა მეჩეთში, მეგობრობა-ნათესავობა გვქონდა. ახლა ყველა აბრალებს, რომ იმ ოთხ ბიჭთან მეგობრობდა წასულები ვინც არიანო. მეგობრობაც ჰქონდათ და ნათესაობაც, ჩემი ძმისშვილია ერთი ბიჭი, მეორე მეზობელი, მესამე ნათესავია, მეგობრობა სკოლიდანაც ჰქონდათ, სოფლიდანაც და ყველგან. ყველგან – ოთხივესთან მიტანილი იყო დროშები. ყველგან მიიტანეს იარაღები. ყველა ერთ ოთახში მოგვამწყვიდეს. იყო დიდი სპეცოპერაცია. 50-60 კაცი იქნებოდა. მთელი სახლი ალყაში იყო”, – განაცხადა ტერორიზში ბრალდებით დაკავებულის მშობელმა.
ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, სუს-მა მიმდინარე წლის 29 ნოემბერს კოტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სასამართლოს განჩინების საფუძველზე 11 საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც ადგილზე აღმოჩენილი იქნა ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას ემხრობიან.

Leave A Reply

Your email address will not be published.