დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულის N48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები N48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრასა და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

„მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები N48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.

ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მარნეულის N48-ე უბანზე ვითარება დღეს საღამოს დაიძაბა, სადაც მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი საარჩევნო უბანზე შესვლას ცდილობდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, უბნიდან გატაცებულია საარჩევნო ყუთი, რომელიც მათივე თქმით, უკან არ დაბრუნებულა.

Comments
Loading...