“დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე პარლამენტში ბალანსის ფუნქციას სწორად შეასრულებს”

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლიტიკური ბალანსის ფუნქციას წარმატებით შეასრულებს.

„ინფო 9“-ს საუბარში კახიანი კობახიძეს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პარლამენტის მომავალი სპიკერი კონსტიტუციური სამართლის ძლიერი სპეციალისტია, რომელიც სამართლის დოქტორია.

მისი თქმით, კონსტიტუციური სამართალი ისეთი დარგია, რომელიც პოლიტიკასთან ყველაზე ახლოს დგას. შესაბამისად, კობახიძეს აღნიშნულ სფეროში საქმიანობა არ გაუჭირდება.

„კობახიძეს მანამდე ვიცნობდი, ვიდრე პოლიტიკაში გამოჩნდებოდა. მას ყველა ის თვისება და წინაპირობა აქვს, რითაც პარლამენტის ძალიან წარმატებული თავმჯდომარე იქნება. პარლამენტი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ერთობლიობაა და მას ურთიერთობა „ქართული ოცნების“ გარდა, „პატრიოტთა ალიანსის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან მოუწევს და დარწმუნებული ვარ, ის ამ ფუნქციას წარმატებით შეასრულებს. ირაკლი კობახიძე ყველა ურთიერთობას დააბალანსებს. ვფიქრობ, რომ ის ბალანსის ფუნქციას სწორად შეასრულებს“, – განაცხადა კახიანმა.

პარტია „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დაასახელა.

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას სავარაუდოდ, 19 ნოემბრიდან დაიწყებს. შესაბამისად, კობახიძის უფლებამოსილების ცნობაც მაშინ მოხდება.

Comments
Loading...