“დასახელდა იმ პირთა წრე,რომელთა ფიზიკური ლიკვიდაცია იგეგმება”

„ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს” თავმჯდომარე ლალი მოროშკინა აშშ-ის ელჩს იან კელის ღია წერილით მიმართავს:

„ბატონო ელჩო,

პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია აერთიანებს 5000-ზე მეტ ქალბატონს.

ბევრმა მათგანმა გაიარა რთული გზა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს.მათი შვილები, მეუღლეები, ოჯახის წევრები შეადგენდნენ იმ 320 000-იან მსჯავრდადებულთა ჯარს, რომლებმაც ღამის 2-3 საათზე დიდი ზეწოლის ქვეშ გადააფორმეს ქონება უცხო პირებზე, მათ გამუდმებით აწამებდნენ და ამცირებდნენ ციხეებში.

მოგმართავთ თქვენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა” და პირადად მიხეილ სააკაშვილი კულუარულად მოგიხსენიებთ ნათლიმამად და ბოლო პოლიტსაბჭოზე გაშალეს სქემა, სადაც აპირებენ 2016 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ქვეყნის სადავეების გადატრიალების გზით ხელში ჩაგდებას!

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ფინანსურად მყარად დგას ფეხზე და უკრაინაში პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში აპირებს კიევსა და ოდესაში სათამაშო ბიზნესის აღზევებას, რითაც კიდევ უფრო მყარ ფინანსურ გარანტიებს მიიღებს, მიუახლოვდება ქართველ ხალხზე და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილზე შურისძიების სანუკვარ ოცნებას!

მიუნხენიდან სააკაშვილის ძალიან განერვიულებული ჩართვის მერე,დასახელდა იმ პირთა წრე,რომელთა ფიზიკური ლიკვიდაცია იგეგმება.მე ამ სიაში საპატიო მესამე ადგილას ვარ, რადგან ჩემი წიგნებით და პუბლიკაციებით „მუდმუვ სტრესში” ვამყოფებ ექს-პრეზიდენტს.

ბატონო ელჩო, თქვენთან მხოლოდ ხუთი შეკითხვა მაქვს, ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხი ჩემთვის და ამ სიის სხვა წარმომადგენლებისთვის მიხეილ სააკაშვილისგან ხელშეუხებლობის გარანტი იქნება:

1.თვლით თუ არა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე და ტელეკომპანია „იმედში” ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტება დაფიქსირდა?

2.თვლით თუ არა, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის მთავრობამ მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა?

3.თვლით თუ არა, რომ საქართველოს, სააკაშვილის დროს პოლიპატიმრები ჰყავდა?

4.თვლით თუ არა, რომ ფოტორეპორტიორებს უდანაშაულოდ დასდეს ბრალი ქვეყნის ღალატში?

5.თვლით თუ არა, რომ ციხეებში ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას?

მერწმუნეთ, თქვენი პასუხი ამ კითხვებზე მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის!” – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...