დასავლეთში დარვინი ევროპული ცივილიზაციის საყრდენია, ჩვენთან კი ურწმუნო ადამიანი – ევოლუცია/შესაქმის დაპირისპირება საქართველოში


ილიაუნის ლექტორი გიგი თევზაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქართულ რეალობაში ევოლუცია/შესაქმის თეორიების დაპირისპირების შესახებ წერს.

“ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების ვერ-განვითარების საფუძველია: ამას წინათ თვალში მომხვდა ფეისბუქური გასაუბრება, სადაც ერთ-ერთი მონაწილე ამბობდა, რომ ზოგს სჯერა, რომ ადამიანი მაიმუნიდან წარმოიშვა, ზოგს კი – რომ ღმერთმა შექმნაო. არცერთ მონაწილეს ამ დებულებისათვის წინაამღდეგობა არ გამოუწვევია, თავისთავად ცხადად მიიჩნიეს.

თავი დავანებოთ ადამიანის წარმოშობის ევოლუციური თეორიის არასწორ [ხშირად განზრახ არასწორ] ფორმულირებას, რომელიც ადამიანის წინაპრად ზოოპარკში მყოფ მაიმუნს მიუთითებს. ვფიქრობ, უბრალო არცოდნასთან არ გვაქვს საქმე: საქმე იმაშია, რომ დარვინის ევოლუციის თეორია უბრალოდ თეორია კი არა არის, ის ევროპული ცივილიზაციის თანამედროვე ცხოვრებას უდევს საფუძვლად: გენეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტული მეცნიერების და ზოგადად მედიცინის განვითარება სწორედ დარვინის ევოლუციურ თეორიას ემყარება: ეს თეორია რომ არ მართლდებოდეს და მტკიცდებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენებში/პროცესებში, დღეს არამარტო იმ საჭმელს ვერ შევჭამდით, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, არამედ, წამლებსაც ვერ დავლევდით: უბრალოდ არ გვექნებოდა.

მეტყვით, რომ ამის არცოდნაც არ არის მთავარი უბედურება: ბოლოს და ბოლოს, ჩვენს და ევროპა/აშშ სკოლებში დარვინს სრულიად განსხვავებულად ასწავლიან. “იქ” – დარვინი თანამედროვე მეცნიერების და თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის საყრდენია, ჩვენთან – ადამიანის (sic! არა ბიომრავალფეროვნების, არამედ ადამიანის) წარმოშობის შესახებ ერთ-ერთი ჰიპოთეზის ავტორი.

მაგრამ ფუნდამენტური განსხვავებაც და ჩვენი საზოგადოების ნაცრისფერი მომავალიც სწორედ აქ იწყება: მსოფლმხედველობა, რომელიც მეცნიერულ დებულებას არა სხვა მეცნიერეულ დებულებას, არამედ რელიგიურ მოძღვრებას უპირისპირებს, შუა საუკუნეების ჩარჩოშია, სადაც, საზოგადოების უმეტესი ნაწილის გაუნათლებლობის გამო, დებულების ჭეშმარიტება ძალაუფლებასთან სიახლოვით იზომებოდა: ვისაც მეტი გავლენა ჰქონდა, ის იყო მართალი. ის, რაც რენესანსმა და შემდგომ ახალმა დრომ შესძინა კაცობრიობას – სწორედ მეცნიერული არგუმენტების თავისთავადი ღირებულების დადგენაა: ეს არ იყო ადვილი და ხანმოკლე პროცესი, მაგრამ საბოლოოდ, “იქ” – არგუმენტაციის და მაგალითების, ექსპერიმენტების შედეგების უპირატესობა იმდენად ცხადი გახდა, რომ ევოლუცია/შესაქმის დაპირისპირებაში შესაქმის იდეის მომხრეები ექსპერიმენტებით და დაკვირვებით მიღებული მაგალითების მოხმობას ცდილობენ, რომ თავისი აზრი დაასაბუთონ.

მას, ვინც ამას არ ცდილობს და საკუთარ თავს მორწმუნედ მიიჩნევს, მშვიდად აქვს მიღებული ფიზიკური სამყარო, სადაც ევოლუციის კანონები მუშაობს, თავისი კომფორტული და დისკომფორტული შედეგებით და ადამიანთა ურთიერთმოქმედების სისტემა, სადაც ღმერთის იდეა მარეგულირებელი და წარმმრთველია.

ჩვენთან კი საქმე ზუსტად პირიქითაა: ჩვენი უმრავლესობის თავებში ევოლუცია და შესაქმე ერთი და იგივე პოტენციის მქონე იდეებია და მათი სისწორე/სიმცდარე იმით განისაზღვრება, რამდენად ძლევამოსილნი არიან ამ იდეების მომხრეები. შუა საუკუნეების მსოფლმხედველობის კიდევ ერთი ნიშანი არათანმიმდევრულობა და სასწაულის მოლოდინია: ამიტომ დილემა, რომ თუ ადამიანი ღმერთმა შექმნა, როგორ შეიძლება მასზე იმოქმედოს წამალმა, რომელიც ცხოველზე გამოცადეს, ასეთი აზროვნებისათვის უბრალოდ არ არსებობს. მისთვის ეს შეუსაბამისობა ღმერთის მიერ მოხდენილი სასწაულია, რომლის ახსნასაც უბრალოდ ხელი არ უნდა მოკიდო.

ასეთ მსოფლმხედველობას კი ბევრი, ერთი შეხედვით, ევოლუცია/შესაქმეს ოპოზიციასთან კავშირში არმყოფი, ამბები მოაქვს, რომელიც არგუმენტაციას პრიმიტიული პრაგმატიზმით [იხ. ზემოთ, 🙂 ძალაუფლების შუასაუკუნეობრივი როლი სიმართლის განსაზღვრაში] ანაცვლებს. მიხვდით ხომ სად მივედით:-)?

ეს მსოფლმხედველობა ყველგან ჩანს: ამერიკა/რუსეთის პოლიტიკურ არჩევანში, ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ ამ ბოლო დროს გამოჩენილ პრაგმატიზმში, სოციალური თუ პოლიტიკური რეფორმებისადმი დამოკიდებულებაში და თუნდაც, რიგითი ქართველების მიერ საკუთარი ცხოვრების დაგეგვმაში. მთავარი საფუძველი კი სკოლაშია, სადაც მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ ევოლუციის თეორია რეალობაა კი არა, ურწმუნო ადამიანების მიერ გამოგონილი, შესაქმის ალტერნატივაა.

შეიძლება ამის საფუძველი სსრკ-ში ევოლუციის ნამდვილი თეორიის მიუღებლობა იყო: სწორედ ამიტომ, რუსულად დარვინი მხოლოდ რევოლუციამდე იყო თარგმნილი და 70 წლის განმავლობაში სსრკ განათლების მესვეურები მხოლოდ სუროგატებს (დარვინის თეორიის შესახებ ტექსტებს) აჩეჩებდნენ მოსწავლეებს და სტუდენტებს. შეიძლება ასეც იყოს და ეს მხოლოდ მემკვიდრეობაა, მაგრამ აშკარად დამღუპველი და შესაცვლელი.

ჩვენში ქართული ლიტერატურის სწავლების წესის შესახებ, რომელიც ნაცრისფერი მომავლის კიდევ ერთი საყრდენია, სხვა დროს დავწერ:-)”

Comments
Loading...