დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა გაერთიანებული სამეფოდან საჩუქარი მიიღეს


დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სახელით საჩუქარი მიიღეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მჯდომარე ფრენბურთისთვის განკუთვნილი სპორტული აღჭურვილობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში, დიდი ბრიტანეთის ახალშეძენილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟმა ჩამოიტანა.
საჩუქარი დაჭრილ სამხედროებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გადასცა.
“მოხარული ვარ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიმყოფები, სადაც სამეფო საჰაერო ძალების ახალშეძენილი თვითმფრინავი დაფრინდა. ბორტმა ქართველ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების საჩუქარი ჩამოუტანა. ჩვენ დაჭრილ სამხედროებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ, რომელიც გასულ წელს “ძლიერთა თამაშებში” მონაწილეობით დაიწყო. ძალიან მიხარია, რომ იმ აქტივობებში, რასაც ქართველი დაჭრილი სამხედროები აკეთებენ, პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. ჩვენი საჩუქარი მჯდომარე ფრენბურთისთვის განკუთვნილი სპორტული ინვენტარია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპეციალური დეპარტამენტი შექმნა, რომელიც არა მხოლოდ მათ რეაბილიტაციასა და გამოჯანმრთელებაზე ზრუნავს, არამედ მხარს უჭერს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელონ მსახური და ყურადღება მიაქციოს მათ ოჯახებს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა და შეიარაღებული ძალები მიესალმება ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს და მოხარულია, რომ ქართულ მხარეს დახმარება გაუწიოს”, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ გენერალური შტაბის უფროსის მაოდგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ახალშეძენილი თვითმფრინავის A400M Atlas პრეზენტაცია და მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დაჭრილი ქართველი სამხედროების სხვადასხვა აქტივობის ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.

Comments
Loading...