დათო გოგიშვილი: ახლო მომავალში აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ვვარაუდობ

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე რამოდენიმე რაუნდიანი, გაცხოველებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ხან მოსკოვსა და ხან ევროპის სხვა ქალაქებში. ფაქტია, რომ რუსეთი არის ძალიან გააქტიურებული იმისათვის, რათა რამე სახის კომპრომისული და ოპტიმალური ვარიანტი იპოვოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისა, რომელიც როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარისათვის მისაღები იქნება. თუ კონფლიქტის წარმოშობისა და მისი განვითარების ისტორიის ამომწურავ ანალიზს მოვახდენთ, ფაქტია, რომ ეს არ იქნება მარტივი საქმე, მაგრამ ყურადსაღებია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს ჯონ მაკეინის პროექტს (სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე დანარჩენი საქართველო NATO-ში) ფლანგებიდან შემოუაროს, მიაღწიოს აზერბაიჯანის დაყოლიებას, მისი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე და ამით საბოლოოდ მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენოს დონალდ ტრამპისა და ჯონ მაკეინის ,,ნათელ გეგმებს,, ამიერკავკასიაში. ჩემი პირადი აზრია, რომ აზერბაიჯანის გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში საკმაოდ ახლო მომავლის პერსპექტივაა. თუ გავითვალისწინებთ ილჰამ ალიევის ამ ბოლოდრინდელ გახშირებულ მწვავე კრიტიკულ გამოსვლებს ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მიმართულებით აზერბაიჯანის პრეზიდენტს საკმაო მოტივაცია და კარგი სასტარტო მდგომარეობაც აქვს. ის საკმაოდ წარმატებით ვაჭრობს რუსეთთან თავისი სტრატეგიული ინტერესების დაკმაყოფილების საკითხებზე. ერთადერთი დაინტერესებული მხარე მთელს ამ კამპანიაში, რომელიც მონდომებულია მაქსიმალურად, რათა მთელი ეს პოლიტიკური სქემა ჩაშალოს არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. ერთ-ერთი უპირველესი მცდელობა-რესურსი, რაც შეიძლება რომ მოიაზრებოდეს არსებულ სიტუაციაში ამ სტრატეგიული გეგმის ჩასაშლელად, არის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების განახლების პროვოცირება. თუმცა ამ გეგმას ხელს უშლის ის, რომ სომხეთში, ქ. გიუმრიში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზას მთლიანად რეგიონში საკმაოდ კარგად აქვს ხელში აღებული ვითარების კონტროლი. ასევე არსებულ სიტუაციაში საომარი მოქმედებების განახლება არცერთი ლოგიკითა და მოსაზრებით არ აწყობს აზერბაიჯანს. ერთადერთი ,,კოზირი,, რის გამოყენებასაც შეეცდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ესაა აზერბაიჯანში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება. თუმცა ილჰამ ალიევის ხელისუფლების ძლიერი ვერტიკალის პირობებში ეს ნაკლებად შესაძლებელია. გარდა ამისა მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აზერბაიჯანში საკმაოდ სუსტია გავლენა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ,,კარმუშკაზე,, მყოფი NGO, მედია და პოლიტიკური ძალებისა. ამიტომ ამ ტალღის აგორება აზერბაიჯანში, ანუ ბაქოური ,,მაიდანი,, პრაქტიკულად შეუძლებელია. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი: ფაქტიურად ნათელია, რომ რუსეთ-თურქეთის მზარდი დაპირისპირების პერსპექტივა აიძულებს რუსეთს იზრუნოს ამიერკავკასიაში ვითარების დალაგებაზე, რათა თურქეთთან მოვლენათა დრამატული სცენარით განვითარების შემთხვევაში ის ამ სირთულეებს ამიერკავკასიის რეგიონში მომზადებული შეხვდეს. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებული აზერბაიჯანის შემდეგ პრაქტიკულად ნახევრად ვიზალიბერალიზებული ევროკავშირული ანკლავი რჩება ბედის ანაბარა. თავად ამოიცანით რომელ სახელმწიფოს ვგულისხმობ.

Comments
Loading...