დაუბრუნდება თუ არა ირაკლი ალასანია “ოცნებას”

“თავისუფალი დემოკრატები” აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ “ოცნებასთან” მათი ხელახალი დაახლოება რეალური გახდა
გვანცა ღვედაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ მმართველი კოალიციიდან გასული “თავისუფალი დემოკრატები”, შესაძლოა, კვლავ დაუახლოვდნენ “ოცნებას.” ყოველ შემთხვევაში, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ამას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ პრემიერობის კანდიდატად დასახელებულ გიორგი კვირიკაშვილთან მათ კარგი ურთიერთობა აქვთ. თუმცა, იგი აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “თავისუფალ დემოკრატებს” 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა სურთ და ამ გადაწყვეტილების გადახედვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
გთავაზობთ ინტერვიუს ვიქტორ დოლიძესთან:
– როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო?
– პირველ რიგში მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მის დანიშვნასთან ან გადაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო. ხოლო ის, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ყველამ კარგად ვიცით. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
რა თქმა უნდა, წარმატება მინდა ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილი იქნება, რადგან მისი წარმატება ხალხის წარმატებაც იქნება. სამწუხაროდ, მისდამი პირადი პატივისცემის მიუხედავად, თუ ქვეყანაში არ გატარდა სისტემური სამთავრობო ცვლილება, მთავრობამ რეალურად არ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და თუ კულუარული მმართველობა არ დასრულდა ქვეყანაში, მე ვერ ვხედავ იმის მნიშვნელობას, თუ ვინ იქნება პრემიერი.
– ინფორმაციები ვრცელდება მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა მინისტრთა კაბინეტი ან რომელი მინისტრები ვერ მოხვდებიან ახალი მთავრობის დამტკიცებისას?
– როგორც თავად კვირიკაშვილმა ბოლოს განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება. ჩემი აზრით, რაღაც ცვლილებები ნამდვილად იყო საჭირო, თუმცა, რასაც ვუყურებთ, არაფერი ხდება. კვირიკაშვილი ღარიბაშვილით შეიცვლა, სხვა ცვლილებას მე პირადად ვერ ვხედავ. ეს კაცი არ ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება, თუმცა, დიდი მნიშვნელობა ამას არ ექნება, რადგან პირველ რიგში ამ ქვეყანაში შესაცვლელია მმართველობის ფორმა. უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა. უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს და რა გადაწყვეტილებას იღებს. თუკი პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები, ვერ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, მაშინ ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება გინდაც პრემიერ-მინისტრი და გინდაც ჯანდაცვის თუ განათლების მინისტრი.
– ირაკლი ღარიბაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება კოალიციის თავმჯდომარედ ვიხილოთ და შესაძლებელია თუ არა, ეს იყოს ბიძინა ივანიშვილი?
– ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს კითხვა ალბათ უფრო “ოცნების” წევრებს უნდა დაუსვათ. თუმცა, არაფერი არ არის გამორიცხული. შესაძლებელია, თავად ივანიშვილიც ვიხილოთ ამ პოსტზე, რომელიც დღეს არის ლიდერი როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების. აქედან გამომდინარე, მან რომ ხელში აიღოს “ქართული ოცნების”, როგორც კოალიციის, მმართველობა, ამაში ვერაფერს გასაკვირს ვერ ვხედავ.
– რა შედეგებს ელით 2016 წლის არჩევნებზე? შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ “ოცნება” დარჩეს ქვეყნის სათავეში?
ვ.დ.: ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ოცნებამ” ამ არჩევნებში გაიმარჯვოს. მათი რეიტინგი თვიდანთვემდე მცირდება საზოგადოებაში, ამას ყველა კვლევა აჩვენებს. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლის რეიტინგიც მატულობს, ეს “თავისუფალი დემოკრატებია”. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რასაც ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია. მიუხედავად რთული პირობებისა და მდგომარეობისა, “თავისუფალმა დემოკრატებმა” ვიცით, როგორ გამოვასწოროთ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები, შევქმნათ სამუშაო ადგილები და შევეწინააღმდეგოთ იმ რთულ ფინანსურ, ეკონომიკურ ფონს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” და “ქართული ოცნება,” თავის დროზე ერთად მოვედით ხელისუფლებაში, დღეს ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ის დაპირებები, რომელიც რეალურად არ შესრულებულა “ოცნების” მიერ.
– ღარიბაშვილის პრემიერობიდან გადადგომის და მისი “ოცნების” თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ ხომ არ განიხილება “ოცნებასთან” შესაძლო დაახლოება?
– გეტყვით, რომ არაფერს გამოვრიცხავ. მთავარი არის ის, თუ როგორი პოლიტიკური პროცესი წავა. მე ვიცი ერთი – რომ “თავისუფალი დემოკრატები” 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ. დანარჩენზე კი, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გამოსარიცხი არაფერია. რა და როგორ იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან
წყარო: რეზონანსი

Leave A Reply

Your email address will not be published.