დავინახეთ, რომ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ს იყენებს თავისი ბინძური ზრახვებისთვის

„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და „რუსთავი 2″-ის გენერალურ დირექტორს შორის არსებულ აუდიოჩანაწერზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2″-ს თავისი ზრახვებისთვის იყენებს. ამის შესახებ მჟავანაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და სამართალდამცავ ორგანოებს დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.

„მინდა, გამოვთქვა შეშფოთება გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით. ეს არ იყო ახალი, ამაზე ვსაუბრობდით თვეების განმავლობაში, რომ მათ გეგმებში შედის სროლები, „ბოვიკების” ჩართვა პროცესებში. სამწუხაროდ, ამ განცხადებებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა.

ჩვენ დავინახეთ, რომ სააკაშვილი „რუსთავი 2″-ს იყენებს თავისი ბინძური ზრახვებისთვის. მოვუწოდებ ჟურნალისტებს, დატოვონ ეს ტელევიზია.

ფაქტია, რომ 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიება უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე. ჩანაწერებში დანაშაულის ნიშნები შეინიშნება. ვფიქრობ, მარტო ეს მასალები არ ექნება გამოძიებას.

შესაძლებელია, უცხო ქვეყანაში გავრცელებული ან უცხო ქვეყნის საინფორმაციო სამსახურების მიერ გავრცელებული ჩანაწერების მტკიცებულებად ცნობა. თუ ავთენტურობაზე ჩატარებული ექსპერტიზა იქნება დადებითი, აღნიშნული მასალის მტკიცებულებად დართვა შესაძლებელია. ვფიქრობ, უნდა დაისაჯოს ყველა. ამ შეთქმულებაში შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანი იყოს ჩართული. ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ ყველაფერს. ჩვენ მივეცით საშუალება ამ ხალხს, რომ ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყვნენ, ეს იყო კოჰაბიტაცია, მაგრამ მათ ეს არ დააფასეს”, – განაცხადა მჟავანაძემ.

Comments
Loading...