დავით ბაქრაძე – ვართ და ვიქნებით „რუსთავი 2“-ის ოფისის წინ, რომ არავის მივცეთ საშუალება ფიზიკურად შევიდეს ოფისში

ვართ და ვიქნებით „რუსთავი 2“-ის ოფისის წინ, რომ არავის მივცეთ საშუალება ფიზიკურად შევიდეს ოფისში და განახორციელოს ის უკანონობა, რომელიც გუშინ მიიღო სასამართლომ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ „რუსთავის 2“-თან განაცხადა.

დავით ბაქრაძის განმარტებით, თუ რა სახის პროტესტს განახორციელებენ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას, რომელიც შექმნა გუშინ დაკვეთით ჩატარებულმა სასამართლომ. არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას, როდესაც ხელისუფლება აპირებს წაიღოს თავისუფალი ტელევიზია, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება. კონსულტაციები გვექნება არასამთავრობო სექტორთანაც და პოლიტიკურ პარტიებთანაც. რაც მთავარია, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიის შიგნით, ვინაიდან რაც ხდება, არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პარტიის თემა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის წევრები „რუსთავი 2“-ის შენობასთან დროშებითა და პარტიის ატრიბუტიკით მივიდნენ. „რუსთავი 2“-თან ასევე იკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც კარავში პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავენ.

 

 

ipn.ge

Comments
Loading...