დავით ბერძენიშვილი – პრეზიდენტი არც მტერია და არც მეგობარი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ძალიან მაღალი ნდობა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე განსაკუთრებით მივაქცევდი ყურადღებას იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა მის გამოსვლაში ხაზი გაუსვა პოლიტიკურ პარტიებს, როგორც პოლიტიკის წამყვან სუბიექტებს. ჩვენი ქვეყანა ჰგავს საპარლამენტო რესპუბლიკას მისი მოწყობით, ხოლო საპარლამენტო რესპუბლიკებში პოლიტიკის კეთებაში სწორედ პარტიების როლი არის განმსაზღვრელი. საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტები არ ქმნიან პოლიტიკას, ჩვენი ქვეყანა უფრო საპარლამენტოა, ვიდრე სხვანაირი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

“რესპუბლიკური პარტია სხვა პარტიების მსგავსად არ ყოფილა ინიციატორი პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელების, თუმცა ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა და პარტიამ ამაზე თანხმობა განაცხადა. “რესპუბლიკური პარტია” ნორმალურად მოკრძალებული აქტიურობით იყო ჩართული მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში და ნამდვილად არ ვიყავით ნომერ პირველი მეხოტბენი ამ კამპანიის დროს. სადღეგრძელოებს არ ვამბობდით მისას და როდესაც ლამის ჯვაროსნული ლაშქრობა გამოცხადდა გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ, “რესპუბლიკური პარტია” ამ კამპანიაში არ ჩავერთეთ, არა იმიტომ, რომ მარგველაშვილთან რაიმე ფარული გარიგება ან სიახლოვე გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი არც მტერია და არც მეგობარი – პრეზიდენტი ინსტიტუტია, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს”, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტთან ერთად ამა თუ იმ საკითხზე მუშაობა პარლამენტისა და მთავრობის ვალდებულებაა.

Comments
Loading...