დავით კირკიტაძის ძმა გირაოთი გამოუშვეს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი კირკიტაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ირაკლი კირკიტაძეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რომელიც გირაოთი ადვოკატების მოთხოვნის შემდეგ შეუცვალეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 4 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათისათვის, ირაკლი კირკიტაძე ავტომანქანით მივიდა დიღმის მასივში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეამჩნია მისთვის მიუღებელ ადგილზე მდგომი მეზობლის კუთვნილი ა/მანქანა.

„ირაკლი კირკიტაძე რამდენიმე წუთის განმავლობაში ჯერ უწყვეტი ხმოვანი სიგნალით, ხოლო შემდგომ უცენზურო სიტყვებით თავისთან უხმობდა ა/მანქანის მეპატრონეს. ხმაურზე მალევე მივიდა ა/მანქანის მეპატრონის შვილი, რომელსაც კირკიტაძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავდროულად ხმაურზე შეკრებილი სხვა მეზობლები და სტუმრად მყოფი პირები მოუწოდებდნენ ამ უკანასკნელს სიმშვიდისაკენ, მაგრამ კირკიტაძემ დაწყნარების სანაცვლოდ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, მანქანასთან მისულ მეპატრონის შვილს დაემუქრა მოკვლით და იარაღის ტარის მეშვეობით მიაყენა სხეულის დაზიანება. ამასთანავე იგი განაგრძობდა უმისამართო გინებას. მისი ამ ხულიგნური ქმედების აღკვეთა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ“,- აცხადებენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩადენილი ქმედების გამო, 2016 წლის 6 იანვარს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა მოქალაქე ირაკლი კირკიტაძე და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენას გულისხმობს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი კირკიტაძეს ბრალი ედებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მისი ქმედება გამოირჩეოდა ძალადობრივი ხასიათით, დანაშაული ჩადენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც დამატებით საფრთხეს ქმნიდა გარშემომყოფთათვის, აგრეთვე მას ადრე უკვე ქონდა ჩადენილი ანალოგიური სახის დანაშაული კერძოდ კი გასამართლებული იყო ხულიგნობის ჩადენისა და სხეულის დაზიანებისათვის. ამასთან, ბრალდებული და დაზარალებული იყვნენ მეზობლები, რაც ქმნიდა მოწმესა და დაზარალებულებზე ზემოქმედების საფრთხეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით. სასამართლომ გაიზიარა რა პროკურატურის მყარი არგუმენტები, ბრალდებულ ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად შეურჩია პატიმრობა“, – განაცხადეს ირაკლი კირკიტაძისათვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ პროკურატურაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments
Loading...